არსებული ბარიერები სექსუალური ძალადობის დაუსჯელობას იწვევს

გენდერულ ძალადობასთან საბრძოლველად, ბოლო წლების მანძილზე, კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესების კუთხით საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ამის მიუხედავად, სექსუალურ ძალადობას ეს პროგრესი თითქმის არ შეხებია. სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელ ფორმად. არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობისთვის ეფექტიან, დაზარალებულზე ორიენტირებულ, გენდერულად სენსიტიურ სამართლებრივ მექანიზმებს. ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მართლმსაჯულება ხელმიუწვდომელია.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად (2017), საქართველოში დაახლოებით 17 000 (2.3%) ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. დაახლოებით 20 000 (2.7%) ქალს სექსუალური ძალადობა სხვა პირის მხრიდან განუცდია. 67 000 (9%) გოგო ბავშვობაში გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.  ამის მიუხედავად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2016 წელს გაუპატიურების ჩადენისთვის (სსკ 137-ე მუხლი) მხოლოდ 13 პირი დაისაჯა. 2017 წელს - მხოლოდ 5 პირი, ხოლო 2018 წელს - მხოლოდ 8 პირი. ეს ციფრები სექსუალური ძალადობის ტოტალურ დაუსჯელობაზე მეტყველებს.

სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდგომ, 2017 წელს, სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით ცვლილებები შევიდა. ამის მიუხედავად, კანონმდებლობა კვლავ არ აკმაყოფილებს კონვენციისა (მუხლი 36) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა თანახმადაც სექსუალური ძალადობის დეფინიცია უნდა ეყრდნობოდეს მსხვერპლის თანხმობის არარსებობას, ან მსხვერპლის ნების დამთრგუნველი გარემოებების ფართო სპექტრს, ხოლო ძალადობა უნდა იყოს მისი დამამძიმებელი გარმოება.

სექსუალური ძალადობა კვლავ უკავშირდება სტიგმას და მის თაობაზე ქალები სამართალდამცავ ორგანოებს უკიდურესად იშვიათად ატყობინებენ, ხოლო შეტყობინებული დანაშაულების აღრიცხვა და გამოძიება არ ხდება გენდერულად სენსიტიური მეთოდოლოგიითა და მიდგომებით. სექსუალური ძალადობისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად არაადეკვატურად დიდი მოცულობის მტკიცებულებებია საჭირო, რაც, საბოლოოდ, დამნაშავის დაუსჯელობით სრულდება.[1]

პრობლემურია 16 წლამდე გოგოს მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამოძიება, რადგან დანაშული ხშირად ნებაყოფლობით კავშირად კვალიფიცირდება. ეს ბავშვის დამატებით სტიგმატიზაციას ახდენს, რადგან მას, ძალადობის მსხვერპლის ნაცვლად, საზოგადოების თვალში, დანაშაულის „გამომწვევის’’ იარლიყს აკერებს. მეუღლის/სექსუალური პარტნიორის, სექსმუშაკის, შშმ ქალის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობა იშვიათად სრულდება პოლიციისთვის მიმართვით ან დამნაშავის დასჯით.[2]

ამასთანავე, სტამბოლის კონვენციის თანახმად, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ქალებისათვის აბორტის გაკეთება მისი წინასწარი და ინფორმირებული თანხმობის გარეშე (მუხლი 39). ამ დრომდე სისხლის სამართლის კოდექსში არ შესულა შესაბამისი ცვლილებები, რაც იძულებითი აბორტის წინააღმდეგ ბრძოლას ეფექტურს გახდიდა.

 

სექსუალური ძალადობისთვის პრევენციისა და მისი დაუსჯელობის აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვანია:

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უზრუნველყონ სექსუალური ძალადობის ყველა შემთხვევის სათანადო აღრიცხვა, კვალიფიკაცია დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად, გენდერულად სენსიტიური მეთოდოლოგიით გამოძიება (მათ შორის არასრულწლოვან გოგოებთან და მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით) და სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებების შესახებ მოთხოვნების გადახედვა;

- სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების შესაფასებლად სრულად მიიღოს მხედველობაში სექსუალური ძალადობის დანაშაულთა განსაკუთრებული თავისებურებები და არ დაუშვას ზიანის მომტანი გენდერული სტერეოტიპების გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

- საქართველოს პარლამენტმა საკნონმდებლო ცვლილებები შეიტანოს სქესობრივი დანაშულების დეფინიციაში, რათა ისინი სრულ შესაბამისობაში მოვიდეს სტამბოლის კონვენციის მოთხოვნებსა და ადამიანის უფლებათა საერთშორისო სტანდარტებთან;

- სახელმწიფომ სექსუალურ ძალადობაგამოვლილ ქალებს აღმოუჩინოს სათნადო მხარდაჭრა (მათ შორის ფსიქოლოგიური და სოციალური), რათა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემით რეალურად მოხდეს მათი დარღვეული უფლებების აღდგენა.

 


[1] იხ. Roadblocks To Justice: How The Law Is Failing Survivors Of Sexual Violence In Eurasia, Equality Now, 2019: https://d3n8a8pro7vhmx.cloudfront.net/equalitynow/pages/1581/attachments/original/1547485403/EN-Eurasia_Rpt_ENG_-_Web.pdf?1547485403

[2] იხ. ზემოთ.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge