არასამთავრობო ორგანიზაციებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიში მოიცავს 2012 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მონიტორინგი ხორციელდებოდა თუ რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა მოსამართლეთა დანიშვნა, მივლინება, დისციპლინური სამართალწარმოება და საბჭოს საქმიანობა.

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის მონიტორინგისას დაკვირვება განხორციელდა მოსამართლეთა დანიშვნის ორივე შესაძლო გზაზე, როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების, ისე კონკურსის წესით მოსამართლეთა დანიშვნაზე. დაკვირვებამ აჩვენა, რომ პროცესი არ იყო სათანადოდ გამჭვირვალე. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდულობით საბჭო აქვეყნებდა ინფორმაციას კონკურსების შესახებ, დაინტერსებული პირებისთვის შეუძლებელი  იყო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე დაკვირვება. ასევე ვერ მოხერხდა საბჭოს იმ სხდომებზე დასწრება, რომელზეც გადაწყვეტილებები მიიღებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არაგონივრულად მცირე იყო როგორც მსმენელთა მისაღები კონკურსის, ისე მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის რეგისტრაციის ვადები.

 
რაც შეეხება მოსამართლეთა მივლინებას, როგორც მონიტორინგმა აჩვენა, მივლინების გადაწყვეტილებები არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას და  სრულიად არასაკმარისია ამ პროცესზე დასაკვირვებლად. ანალიზის განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ სამუშაო ჯგუფის მიერ საბჭოდან დამატებით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე. რაც შეეხება მივლინებების პრაქტიკას, კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების შემდეგ, მსგავსი ანალიზის გაკეთება ვერ მოხერხდა, ვინაიდან საბჭომ ვერ უზრუნველყო საჭირო ინფორმაციის მოწოდება. 
 
ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის არარსებობამ შეუძლებელი გახადა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის ანალიზი. თუმცა, სხვადასხვა ინფორმაციის შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ საბჭო არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც დისციპლინური გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას გულისხმობს. მონიტორინგის პროცესში არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება გამოქვეყნებული არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს ინფორმაციით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებულ იქნა 4 მოსამართლის მიმართ. 
 
მონიტორინგის ზოგად პრობლემას წარმოადგენდა საბჭოს საქმიანობის არასაკმარისი გამჭვირვალობა, რამაც გაართულა სხვა კომპონენტების მონიტორინგიც. მიუხედავად იმისა, რომ საბჭო კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც აკისრია სხდომების საჯაროობის ვალდებულება, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საბჭომ არ გამოაქვეყნა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და დღის წესრიგი. განსაკუთრებულ ხარვეზად უნდა ჩაითვალოს ის, რომ  საბჭოს ვებ-გვერდზე გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ 2012 წლის აპრილის მდგომარეობით, მაშინ როდესაც საბჭოს არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული 2012 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში. 
 
მონიტორინგის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებს შემდეგი რეკომენდაციები აქვთ:
საბჭოს საქმიანობა საჭიროებს მეტ გამჭვირვალობას. კერძოდ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საბჭოს სხდომებისა და დღის წესრიგების შესახებ ინფორმაციის განთავსება ვებ-გვერდზე; 
საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა განათავსოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საბჭოს ვებ-გვერდზე;
აუცილებელია დაინტერესებული პირებისთვის გადაწყვეტილების პროცესზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და თავად მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის გაუმჯობესება.
მსმენელთა მიღებისა და მოსამართლეთა კონკურსის მეტი საჯაროობისთვის საჭიროა ხელმისაწვდომი გახდეს საბჭოს წევრთა მიერ კანდიდატებთან დაკავშირებით გამოთქმული შეფასებები და არგუმენტაცია.
მოსამართლეთა მივლინება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას;
საბჭომ უნდა უზრუნველყოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნება საბჭოს ვებ-გვერდზე.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლავაც გააგრძელებს საბჭოს მონიტორინგს ამ მიმართულებით. 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge