არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა შრომითი პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით

2018 წლის აგვისტოს ბოლოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამაუწყებლო სეზონის დაწყების წინ, მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ათეულობით თანამშრომელმა სამუშაო პირობებზე ახალი 32TUშეთავაზებაU32T მიიღო, რომელზეც თანხმობის მისაცემად ვადა 4 სექტემბრამდე  განესაზღვრათ. მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ წამოყენებული პირობის თანახმად, წარდგენილ შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდებოდა. მენეჯმენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას თანამშრომელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირის პროტესტი მოჰყვა, რაც დღემდე გრძელდება, რამდენადაც მენეჯმენტთან კომუნიკაციის მცდელობის მიუხედავად დასაქმებულებისათვის უცნობია რა გახდა მათ მიმართ შრომითი პირობების გაუარესების საფუძველი, რაც ფაქტობრივად მათ სამსახურიდან გათავისუფლებას გულისხმობს. 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმდინარე ცვლილებების შესახებ განმარტება მოგვიანებით, საჯარო განცხადების სახით, მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით საზოგადოებაში მნიშვნელოვანი კრიტიკა გაჩნდა. 

მაუწყებლის მენეჯმენტის განცხადების თანახმად: "საზოგადოებრივ მაუწყებელში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სამუშაო გრაფიკები/ცვლები არაეფექტიანად და არასამართლიანად ანაწილებდა თანამშრომლების დატვირთვას. შედეგად დაგროვდა სამუშაო ჯგუფების გადაჭარბებული რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამება წარმოებული გადაცემების საჭიროებებს და მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანურ რესურსს.“ მაუწყებლის ახალი სეზონის (2018/2019) გადაცემების დაგეგმვა განხორციელდა შესაბამისი სამუშაო ძალების განსაზღვრასთან ერთად“ „განხორციელდა კონკრეტულ გადაცემებსა და პროექტებზე მომუშავე ჯგუფების სრული კომპლექტაცია, თანამშრომელთა სამუშაო დატვირთვის რეჟიმები და ცვლები.“  ამასთან, თანამშრომლებთან შეხვედრისას მენეჯმენტის მხრიდან  მიღებული გადაწყვეტილება შეფასდა როგორც ოპტიმიზაციის პროცესი. 

მივიჩნევთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის განცხადება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ათეულობით თანამშრომლის მიმართ, არაერთ მნიშვნელოვან კითხვას აჩენს მენეჯმენტის გადაწყვეტილების დასაბუთებლობისა და კანონიერების, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული შრომის პოლიტიკის სამართლიანობის კუთხით. 

წლების მანძილზე მნიშვნელოვანი კრიტიკის საგანია საზოგადოებრივ მაუწყებელში თანმიმდევრული და გამჭვირვალე შრომის პოლიტიკის არარსებობა, რაც მაუწყებლის სტრუქტურულ პრობლემას წარმოადგენს  და არსებული მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა. კერძოდ, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად მაუწყებელში დღემდე არ არსებობს საშტატო განრიგი, თანამშრომელთა შეფასებისა და სახელფასო რანჟირების სისტემა, მაუწყებელს არ აქვს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა და არ ჰყავს ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი პირი.  

ამასთან, განჭვრეტადი შრომის პოლიტიკისა და თანამშრომელთა შეფასების სისტემის არარსებობის პირობებში სრულიად ბუნდოვანია თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა იმ თანამშრომელთა შერჩევა, რომელთაც მენეჯმენტისაგან მიიღეს შეთავაზება შრომითი პირობების მნიშვნელოვანი გაუარესების თაობაზე. ამასთან, მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ თანამშრომელთა შრომითი პირობების არსებითი გაუარესების პროცესები მხოლოდ 70-მდე თანამშრომელს არ უკავშირდება და მაუწყებლის მენეჯმენტმა ანალოგიური მიზნის მქონე სხვადასხვა პროცესი საზოგადოებრივი რადიოსა და მაუწყებლის პროექტების “საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების კვლევა“ და „მედიის მონიტორინგი და ანალიზი“ თანამშრომლების მიმართ სექტემბრამდე დაიწყო.  2018 წლის აგვისტოს ბოლოდან რადიოში დაიხურა გადაცემები და გამოცხადდა კონკურსი ახალი საეთერო სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად. ჩვენთვის  ბუნდოვანია თუ რატომ არ ხდება რადიოში დღეს არსებული ადამიანური რესურსის გამოყენება აღნიშნული გადაცემებისთვის და კონკურსში, გარეშე პირების გამარჯვების შემთხვევაში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული არსებულ თანამშრომლებთან  მიმართებაში. 

საზოგადოებრივ მაუწყებელში, გამჭვირვალე და თანმიმდევრული შრომის პოლიტიკის არარსებობა და მიღებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა ზრდის მენეჯმენტის  თვითნებური მოქმედების რისკს. ამასთან, მაუწყებელში მსგავსი ხასიათის ოპტიმიზაციის დასაბუთებულობის მიმართ შეკითხვებს აჩენს ის გარემოებაც, რომ მოქმედი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელში უკონკუროსოდ დასაქმდა ათეულობით ადამიანი მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიების, GDS-ისა და “მეცხრე არხის” ყოფილი თანამშრომლები.

ამასთან, მივიჩნევთ, რომ ცხადად პრობლემურია, სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით 70-მდე თანამშრომლის მიმართ გაკეთებული შეთავაზება. კერძოდ, შეთავაზების მიმღებ თანამშრომელთა დიდ ნაწილს გააჩნია განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. შეთავაზების თანახმად, წინასწარ, ხელშეკრულებით ფიქსირებული თვიური ანაზღაურების ნაცვლად, შეთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში თანამშრომლები იმუშავებენ საჭიროების შემთხვევაში გამოძახების პრინციპით, ხოლო მათი ანაზღაურება დამოკიდებული იქნება მათ მიერ შესრულებულ დღიურ საქმიანობაზე.  თუმცა, შეთავაზება არ განსაზღვრავს თვის მანძილზე სამუშაო საათების იმ მინიმალურ რაოდენობას, რომლის ფარგლებშიც გარანტირებულად მოხდება თანამშრომელთა გამოძახება. აღნიშნული პირობა უშვებს შესაძლებლობას ხელშეკრულების არსებობის მიუხედავად, თანამრომელთა მიმართ სამუშაოს შესრულების დავალება საერთოდ არ მოხდეს, რაც გულისხმობს რომ თანამშრომელი საერთოდ ვერ მიიღებს ანაზღაურებას. 

მითითებული შეთავაზება განსაკუთრებით დამაზიანებელია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არა აქვთ უფლება პარალელურად ასრულებდნენ ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებელთან.P0FP შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან გამოძახების მოლოდინის რეჟიმში იქნებიან, მათ შესაძლებლობა არ ექნებათ თავისუფალ პერიოდში დასაქმდნენ სხვა მაუწყებელთან და ამ გზით მიიღონ ალტერნატიული შემოსავალი, რაც ფაქტობრივად თანამშრომლებს სტაბილური შემოსავლის წყაროს მოპოვების გარეშე ტოვებს. 

შედეგად, სრულიად არასამართლიანი და არაგონივრული შეთავაზების გათვალიწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების დიდი ნაწილი იძულებული იქნება არ დათანხმდეს შეთავაზებას ან/და პირადი განცხადების საფუძველზე შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება, რაც ფაქტობრივად მათი გათავისუფლების/სამუშაოზე უარის თქმის შედეგს დააყენებს. 

ამასთან, მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიდგომა დასაქმებულებისა და პროფესიული კავშირის მიმართ, რაც პროცესის გაუმჭვირვლობასა და სათანადო კომუნიკაციის დეფიციტში  გამოიხატება. არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად მაუწყებლის მენეჯმენტი დღემდე  არ პასუხობს თანამშრომლებისა და პროფესიული კავშირის წერილობით მიმართვებს მიმდინარე ე.წ. ოპტიმიზაციის პროცესთან დაკავშირებით, რაც გარდა უკანონობისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გაუმჭვირვალე მუშაობაზე მიუთითებს. 

საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი მძიმე ვითარების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ: 

 საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს:

- დაუყოვნებლივ მოიწვიოს საბჭოს რიგგარეშე სხდომა მაუწყებელში მიმდინარე ე.წ ოპტიმიზაციის პროცესის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით და ყველა დაინტერესებული ჯგუფისათვის უზრუნველყოს ღია და მონაწილეობითი პროცესი;  

- დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილებით მოითხოვოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისგან მაუწყებლის შრომითი პოლიტიკის დოკუმენტების, მათ შორის საშტატო განრიგის და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოების განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავება და უახლოეს ვადებში უზრუნევლყოს მისი დამტკიცება.

საზოგადოებრივ მაუწყებლის მენეჯმენტს:

- არსებული ვითარების გათვალისწინებით, შეაჩეროს ე.წ. ოპტიმიზაციის მიმდინარე პროცესი და ასეთი საჭიროების შემთხვევაში, ის წარმართოს გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის ფარგლებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება დასაქმებულთა, პროფესიული კავშირებისა და დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობა;

- შეიმუშავოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განჭვრეტადი და თანმიმდევრული  შრომითი პოლიტიკა, რაც გულისხმობს  საშტატო განრიგების, სახელფასო რანჟირების პოლიტიკის, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების დამტკიცებასა და თანამშრომელთა შეფასების სისტემის დანერგვას. 

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge