არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

2013 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება   საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით,  უახლოეს თებერვალში, ივნისში ან ოქტომბერში შესაძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები გაიმართოს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრების ოდენობა, რომლებსაც ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება, 3 წევრს მიაღწევს. დღეს მოქმედი კოდექსით, საკრებულოს შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს გამოკლებული წევრების რაოდენობა 5-ს აღწევს, ასევე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილია 2 წელზე მეტი.
 
საგულისხმოა ის გარემოება, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული რეფორმა მიმდინარეობს და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ინტერფრაქციული ჯგუფია შექმნილი,  კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლით, ფართო დიკუსიისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე, დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.
 
მიუღებლად მიგვაჩნია ის ფაქტიც, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ხორციელდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაწილეობის და აზრის გათვალისწინების გარეშე, რომელმაც შემდგომ აჩევნების ადმინისტრირება და ჩატარება უნდა უზრუნველყოს. 
 
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის მაისში უნდა გაიმართოს, მანამდე კი, 2013 წლის აპრილსა და ოქტომბერში შუალედური საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გველის, ვფიქრობთ, რომ კანონპროექტის ავტორებს არა აქვთ წარმოდგენილი სათანადო დასაბუთება იმისა, თუ რა საჭიროებითაა განპირობებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 წლით ადრე შეალედური არჩევნების გამართვის საჭიროება, რაც გაამართლებდა იმ ფინანსურ ხარჯს, რაც ყოველ საარჩევნო ციკლს ახლავს თან. 
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს,  საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებას ფართო საჯარო დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა მისცეს და არ დაუშვას აღნიშნული ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge