არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში მიმართვისათვის გადასახადის შემოღებას ეწინააღმდეგებიან

2010 წლის 18-19 თებერვალს შვეიცარიაში, კერძოდ კი ქალაქ ინტერლაკენში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მომავლის შესახებ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მაღალი დონის კონფერენციაზე მიღებული დეკლარაციისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთ განსახილველ საკითხად განისაზღვრა ინდივიდუალური განაცხადებით ევროპის სასამართლოსადმი მიმართვისათვის გადასახადის შემოღება. არადა ზემოაღნიშნული კონფერენციის მიზანია გააუმჯობესოს და უფრო ეფექტური გახადოს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მუშაობა.

აღნიშნული საკითხის განხილვა იგეგმება ევროპის საბჭოს მინისტერიალზე 2011 წლის აპრილის თვეში.

ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში ვმოღვაწეობთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; კავშირი – XXI საუკუნე. მოთხოვნას ასევე მხარს უჭერს საქართველოს სახალხო დამცველი) ვფიქრობთ, რომ ევროპის სასამართლოსადმი მიმართვისათვის გადასახადის დაწესება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების განხორციელებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უფლებაა გარანტირებული ევროპის 1950 წლის ადამიანის უფლებათა კონვენციით.

მიგვაჩნია, რომ თუკი ევროპის სასამართლოში განაცხადის შეტანისათვის გადასახადის დაწესება შემოღებული და იმპლემენტირებული იქნა, ეს იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონული და საერთაშორისო მექანიზმებისათვის უპრეცედენტოდ უარყოფითი მოვლენა.

გადასახადის დაწესების შემოღებამ დიდი ალბათობით შეიძლება გამოიწვიოს ინდივიდუალური პირებისათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლების ფაქტობრივი გაუქმება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამ პირებს შესაბამისი თანხა არ გააჩნიათ.

ვფიქრობთ, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამატებით შემოღებული იქნება სასამართლოში მიმართვის გადასახადისაგან გათავისუფლების მექანიზმი, ცალკეულ შემთხვევებში მაინც ექნება ადგილი ამ მექანიზმისაგან გადახვევის ფაქტებს და, საბოლოოდ, შესაძლებელია დასაბუთებულმა განაცხადმა ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ვერც კი მიაღწიოს სასამართლომდე. მიგვაჩნია, რომ გადასახადისაგან გათავისუფლების მექანიზმის შემოღება სასამართლოს ადამიანური და ფინანსური ხარჯების დამატებით გაზრდას უფრო გამოიწვევს, ვიდრე ხელს შეუწყობს ცალსახად დაუშვებელი განაცხადებისაგან სასამართლოს განტვირთვას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიმართვისათვის გადასახადის შემოღებას.

ამასთანავე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ევროპის სასამართლოს რეფორმისა და გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მექანიზმის გადასინჯვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კონსულტაციებისა და შეხვედრების გამართვის გზით.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge