აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა დარღვეული უფლებები კვლავ არ აღდგენილა

საქმის ფაქტობრივი გარემოებები

2009 წლის 15 ივნისს პოლიციელებმა შსს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი აქცია დაშალეს, რა დროსაც აქციის მონაწილეების, ჟურნალისტების და სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

პოლიციელებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. დაკავებულებს არ მიეცათ საკმარისი დრო და საშუალება, სათანადოდ დაეცვათ საკუთარი თავი სასამართლოზე. სასამართლომ მათ 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

ევროპული სასამართლოს განჩინებები საქმეზე ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და შპს მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს სახელმწიფომ აღიარა, რომ:

- აქციის მონაწილეების და ჟურნალისტის მიმართ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება იყო არაეფექტიანი;

- აქციის მონაწილეთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას, სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს მათი პროცედურული უფლებების დაიცვა.

- აქციის მონაწილეებს ხელი შეეშალათ მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებაში, ხოლო ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება.

ორივე საქმეზე გაძლიერებულ ზედამხედველობას მინისტრთა კომიტეტი ახორციელებს.

ხარვეზები განჩინებების აღსრულების პროცესში

დღემდე აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი ქმედებები გამოუძიებელია და არ მომხდარა დამნაშავე პირთა გამოვლენა და დასჯა.

საბჭოთა კავშირის დროს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომლითაც აქციის მონაწილეებს პატიმრობა შეეფარდა, ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს, არ შეიცავს საკმარის პროცედურულ გარანტიებს და ვერ უზრუნველყოფს საქმის მიუკერძოებლად და სამართლიანად განხილვის შესაძლებლობას.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge