ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები თბილისში

მიმდინარე წლის 9 ივნისს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუს“-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თევდორე კობახიძის ინიციატივით, „ვაკის სკოლების პედაგოგებს უფასო დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდებათ.“ აღნიშნული ფაქტის დეტალურად შესწავლის მიზნით,  განცხადებით მივმართეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამოვითხოვეთ ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების ინიციატივისა და ბიუჯეტის შესახებ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპასუხო წერილის თანახმად, ვაკის რაიონის სკოლების პედაგოგებისთვის უფასო დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით არ განხორციელებულა. აღნიშნული აქციის ორგანიზატორი არის ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, გეგმავს სხვადასხვა აქციის ჩატარებას დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში.

მოგვიანებით, მიმდინარე წლის 30 ივნისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „რიმა ბერაძის ინიციატივით, საჯარო სკოლების 200-მდე პედაგოგს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა“. აღნიშნული ინფორმაცია ქალაქ თბილისის მინუციპალიტეტის საკრებულოს ვებ. გვერდსა და ფეისბუკ გვერდზეც განთავსდა. ასევე, გაშუქდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. აქციაში სკოლების 200-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, რამინა ბერაძემ განაცხადა, „პედაგოგების სამედიცინო დახმარება სხვადასხვა მიმართულებებით განხორციელდება და გამოკვლევებს 22 სპეციალობის პროფესიონალი ექიმი ჩაატარებს. აქცია მომავლშიც გაგრძელდება და მასში ბაგა-ბაღების პედაგოგებიც ჩაერთვებიან.“


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge