2022 წლის ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგების შეჯამება

2022 წლის შუალედური არჩევნების მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, საია საზოგადოებას კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგებს გააცნობს. დამკვირვებლების მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ ძირითადი დარღვევების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურის დაწყების დროს, ასევე იმ ტენდენციების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებსა და გარე პერიმეტრებზე.

საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ამომრჩევლის ნების კონტროლის რეგულაციების, კერძოდ, შეკრების, ამომრჩევლის შეფერხებისა და აღრიცხვის აკრძალვის სრული უგულებელყოფა. უბნებთან აგრეთვე იმყოფებოდნენ გავლენიანი პირები, მათ შორის,  პარლამენტის დეპუტატები, თბილისისა და რეგიონების საკრებულოების წევრები - როგორც „ქართული ოცნების”, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და სხვა პარტიების მხრიდან. უბნის მიმდებარედ მათ ყოფნა ზრდიდა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების რისკებს. ამასთან, დღის განმავლობაში დაფიქსირდა აგიტაციის რამდენიმე შემთხვევა. ეს დარღვევები უკავშირდება არჩევნებში მონაწილე ორივე პარტიას.

პერიმეტრის რეგულაციების დარღვევის გამო, საიამ მხოლოდ 2 შემთხვევაში მიმართა საპატრულო პოლიციას. პერიმეტრის რეგულაციების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. თუმცა, სამართალდამცავ ორგანოს არცერთ შემთხვევაში არ ჰქონია ადეკვატური რეაგირება. ამრიგად, დღის განმავლობაში, პერიმეტრის რეგულაციების დარღვევის განგრძობითი ხასიათის მიუხედავად, საიას საპატრულო პოლიციისთვის აღარ მიუმართავს.

ხალხმრავლობა და სიმჭიდროვე შეინიშნებოდა კენჭისყრის შენობების შიგნითაც, რაც გამოწვეული იყო განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დამკვირვებლების ყოფნით საკმაოდ მცირე ზომის უბნებზე. ამის გამო, რიგ შემთხვევებში, საიას ხელი ეშლებოდა პროცესზე სრულფასოვნად დაკვირვებაში. ეს პრობლემა აფერხებდა საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობას როგორც დღის განმავლობაში, ასევე უბნების დახურვის შემდეგ. 

მონიტორინგის ფარგლებში, უბნების შიგნით გამოვლინდა ცალკეული დარღვევების ფაქტები: 

- 78-ე უბანზე, თავმჯდომარემ ამომრჩეველს უთხრა ხომ იცოდა, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა;

- 79-ე უბანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს ეცვა შავი მაისური, რომელზეც დაბეჭდილი იყო ნუგზარ ფუტკარაძის სახელი და გვარი, ფოტოსურათთან ერთად. გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძე „ნაციონალურ მოძრაობის” კანდიდატის მამაა; 

- 89-ე უბანზე, რეგისტრატორის უკან მდგომი დამკვირვებელი, რომელიც წარმოადგენდა ორგანიზაციას „მრავალეთნიკური ერთობა”, ინიშნავდა მონაცემებს სამაგიდე სიებიდან. დამკვირვებლის არაერთი მითითების მიუხედავად, თავმდჯომარემ ვერ შეძლო ამ პრობლემის აღმოფხვრა.

საერთო ჯამში, Საიამ 3 საჩივარი და 10-მდე წერილობითი შენიშვნა დააფიქსირა.

76-ე უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ, ცარიელი ბიულეტენების რაოდენობა იყო 1-ით ნაკლები. კომისიის შესაბამისმა წევრებმა დაწერეს ახსნა-განმარტება და განაცხადეს, რომ ეს ბიულეტენი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.

Საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნების დიდ ნაწილზე არ ხდებოდა COVID-19 პრევენციის მიზნით დადგენილი რეგულაციების სათანადოდ დაცვა. განსაკუთრებით პრობლემური იყო 78-ე უბანი, სადაც კომისიის წევრები პირბადის ტარების წესს საერთოდ არ იცავდნენ. ამაზე საიამ შენიშვნაც დააფიქსირა, თუმცა თავმჯდომარემ ნაცვლად იმისა რომ წესების დაცვაზე ეზრუნა, საიას დამკვირვებელს „ლაწირაკი” უწოდა.

ყველა უბანი დროულად დაიხურა.

Საია აგრძელებს საარჩევნო პროცესების მონიტორინგს. ორგანიზაცია მოამზადებს შემაჯამებელ ანგარიშს, რომელიც შეაფასებს 2022 წლის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს და კენჭისყრის დღეს.

საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს

2022 წლის 2 აპრილს საია სრულად დააკვირდა ბათუმის საკრებულოს 79.04 მაჟორიტარულ ოლქში გამართულ შუალედურ არჩევნებს.

არჩევნების დღეს საიაში მუშაობდა ცხელი ხაზი  ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სურდა, მიეღო სამართლებრივი დახმარება საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.  დღის განმავლობაში, მუშაობდა საიას რუსთავის ოფისიც.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge