2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების ორგანიზატორები 3 წლის შემდეგაც დაუსჯელები არიან

 

2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 3 წელი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული 19 პირის  ინტერესებს იცავს. ამათგან, 17 პირი სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლია, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას, ხოლო 2 პირს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მათი ასოცირება თანმხლები პირებისა და სხვადასხვა აქსესუარის გამო,  ლგბტ+ ჯგუფთან მოხდა.

საია მთელი გასული პერიოდის განმავლობაში აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა საგამოძიებო უწყებებთან, თუმცა, სამწუხაროდ, გაგზავნილ  განცხადებებსა და საჩივრებზე ჯეროვანი რეაგირება არ მომხდარა, რამაც ცხადყო რომ ეროვნულ დონეზე ადგილი ჰქონდა არაეფექტიან გამოძიებას. გასული 3 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე პირის წინააღმდეგ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენები ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე. ამის მიუხედავად, ამ დრომდე არ მომხდარა ყველა სავარაუდო დამნაშავე პირის გამოვლენა.

ვინაიდან შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არ ხდებოდა დაზარალებულთა/მომჩივანთა უფლებების სათანადო დაცვა, საიამ მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საქმე შეეხება  ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას. ამ დროისათვის საქმეზე დასრულებულია მხარეთა შეპასუხების ეტაპი და მომჩივნები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც დაუსჯელნი არიან, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია. 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც.  მათ შორის, 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე - სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge