GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

15 დეკემბერი, 2017

"კოალიცია თანასწორობისთვის" აფასებს მისი წევრი ორგანიზაციების მიერ ბოლო პერიოდში დოკუმენტირებულ და წარმოებულ საქმეებს, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ კერძო, არასამსახურეობრივ ურთიერთობებში ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებს ეხება. კოალიცია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხიდან მსგავს საქმეებზე აშკარად იკვეთება არაეფექტიანი რეაგირება, სავარაუდოდ  სამსახურებრივი ლოიალობისა და უკანონო გავლენების გამო. კოალიცია მოითხოვს პროკურატურისგან მსხვერპლების დასაცავად დაუყოვნებელი ზომების გატარებასა და სამართლდამცავი ორგანოების (შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) თანამშრომელთა, ამ მათთან დაკავშირებულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულებს დროულ, ჯეროვან და ეფექტიან გამოძიებას. კერძოდ,

პირველ საქმეში, მსხვერპლი ქალის[1] გადმოცემით, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის (სუს) თანამშრომელმა მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა ქალის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა და სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, რომელიც დასტურდება მსხვერპლისთვის გაგზავნილი შეტყობინებებით. 2017 წლის 4 დეკემბერს "საფარმა" მიმართა ვაკე-საბურთალოს მე-3 განყოფილებას, სადაც ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ გამოძიება მხოლოდ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო (ოჯახში ძალადობა), მაშინ როცა ცალსახად იკვეთებოდა დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა (სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლი) და  1261 მუხლის მე-2 ნაწილით (ოჯახში ჩადენილი ძალადობა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული შემადგენლობა. მიმდინარე დღეების განმავლობაში გამოძიებისა და დანაშაულის განმეორების პრევენციისთვის მიზნით,  „საფარი’’ ითხოვდა საქმისთვის მნიშვნელოვანი ვიდეო ჩანაწერების ამოღებას, რიგი ექსპერტიზების ჩატარებასა და მოწმეების დაკითხვას, თუმცა, აღნიშნული ღონისძიებები გამოძიებას არ ჩაუტარებია. მეტიც, დღემდე დაზარალებულს აქვს მხოლოდ მოწმის სტატუსი და მის მიმართ არანაირი დამცავი მექანიზმი  არ არის გამოყენებული. მათ შორის, მოთხოვნის მიუხედავად, არ გამოცემულა შემაკავებელი ორდერი. სუს-ის თანამშრომელი კი დღემდე აგრძელებს დაზარალებულის შანტაჟს ოჯახის წევრების მეშვეობით.

ასევე, პრობლემურია მეორე საქმეც, სადაც მსხვერპლი ნინო თასოშვილი  ყოფილი  მეუღლის, ვახტანგ თედიაშვილის მხრიდან განიცდის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ძალადობას და  სიცოცხლის ხელყოფის მუქარას.  ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 2016 წლიდან მან 12-ჯერ უშედეგოდ მიმართა დასახმარებლად შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოს. ნინო თასოშვილი აცხადებს, რომ მოძალადეს სავარაუდოდ მფარველობს  ახლო  ნათესავი (მოძალადის დის ქმარი) ვასილ ღონღაძე, რომელიც ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანია. მსხვერპლის განცხადებით, ვასილ ღონღაძე უხეშად ერეოდა გამოძიების მსვლელობისას, ზემოქმედებას ახდენდა მოწმეებზე და ყოველთვის ცდილობდა მოძალადის  პასუხისმგებლობის  არიდებას. მოძალადის დაკავება მოხდა მხოლოდ “საფარის” ჩარევის შემდეგ, თუმცა ნინო თასოშვილის მიმართ ზეწოლა ამ დრომდე გრძელდება. 13 დეკემბერს სავარაუდოდ ვასილ ღონღაძეს წაქეზებით მოხდა სავარაუდო ცრუ დასმენა მხვერპლის წინააღმდეგ, რაშიც მონაწილეობდნენ ვასილ ღონღაძის შვილი და სიდედრი, რაზეც შსს-მ დაიწყო გამოძიება და რაც ასევე დაზარალებულზე ზეწოლის შემადგენელი ნაწილია. საქმეში ღონღაძის ჩართულობასთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან როგორც გამომძიებელი და პროკურორი, ასევე გენერალური ინსპექცია და სახალხო დამცველი, თუმცა ღონღაძის წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ არასათანადოდ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი „საფარის“წარმოებაში არსებულ სხვა საქმეებშიც, სადაც ასევე ფიგურირებენ სამართალდამცავი პირები. ამ საქმეებზე არ გაიცემა შემაკავებელი ორდერები, საქმეები არ კვალიფიცირდება დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად, მსხვერპლებზე და მოწმეებზე ხორციელდება ზეწოლა, სამართალდამცავი სტრუქტურები კი ვერ უზრუნველყოფენ მათ დაცვას. თვეების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი ქალები უშედეგოდ ცდილობენ სამართალდამცავი სტრუქტურებთან შედეგიან თანამშრომლობას და ვერ ახერხებენ მართლმსაჯულების მიღწევას.

საიას კვლევის ფარგლებში, 2017 წლის ნოემბერში, ინტერვიუები ჩატარდა ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, რომელთა ნაწილიც მიუთითებდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მათ საქმეზე[2] არაეფექტური რეაგირება სწორედ მათი მეუღლეების/ყოფილი მეუღლეების ძალოვან სტრუქტურებში მუშაობას და მათ წარმომადგენლებთან პირად ნაცნობობას უკავშირდებოდა. ძალადობის მსხვერპლები მიუთითებდნენ მართლმსაჯულების ისეთ ხარვეზებზე, როგორიცაა პრობლემა  შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს, გამოძიების არასათანადო და არაეფექტური წარმოება, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, პასუხისმგებელი პირის არ გამოვლენა და სხვა.პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამგვარ საქმეებზე პრობლემურია დამნაშავისთვის არამხოლოდ სისხლისსამართლებრივი, არამედ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებაც. პოლიციელის მიერ ჩადენილ ოჯახში ძალადობაზე არაეფექუტრი რეაგირების ერთ-ერთ შემთვევაზე საიას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვისაც აქვს მიმართული.[3]

ვინაიდან ბოლო წლების მანძილზე ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სახელმწიფოს გამკაცრებული პოლიტიკის შედეგად, რიგით საქმეებში მსგავსი ტიპის ხარვეზები  ნაკლებად იკვეთება, ჩნდება ეჭვი, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი აქვს ლოიალობასა და დანაშაულის შეწყნარებას მათი თანამშრომლების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტების მიმართ. ცხადია, მსგავსი მიდგომა აზიანებს სამართალდამცავი ორგანოებისა და კანონის უზენაესობის მიმართ ნდობას და ახალისებს დაუსჯელობას.    სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისგან ქალები გენდერული და ოჯახში ძალადობის მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფებიან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტია, რომ ამგვარი ძალადობაზე რეაგირებისთვის სახელმწიფოს განსაკუთრებული გულისხმიერება მართებს.[4]

აღნიშნულიდან გამომდინარე, „კოალიცია თანასწორობისათვის“ მოითხოვს:

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს დაუყოვნებლივ შეუჩერდეს უფლებამოსილება და მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გახდეს ქმედითი. აღნიშნულ საქმეში ძალდობის მსხვერპლს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და უზრუნველყოფილ იქნას მისი უსაფრთხოება.

- დაიწყოს გამოძიება ვასილ ღონღაძის მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ხოლო ნინო თასოშვილის წინააღმდეგ შეწყდეს გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. 

ორგანიზაციები აგრძელებენ აღნიშნული საქმეების წარმოებასა და მონიტორინგის და კატეგორიულად მოითხოვენ სახელმწიფოსგან მსხვერპლი ქალების ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების დაცვას, განსაკუთრების საქმეების გასაჯაროების გამო შექმნილი სავარაუდო რისკების გათვალისწინებით.

 

კოალიცია თანასწორობისთვის

„კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

კოალიციის წევრები არიან: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” და „იდენტობა“.

 


[1] მსხვერპლის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მისი და მოძალადის ვინაობის დაკონკრეტება არ ხდება.

[2] ინტერვიუები ეხება 2015-2017 წლებში მომხდარ ინციდენტებს.

[3] ჭელიშვილი და საცერაძე საქართველოს წინააღმდეგ, იხ.:https://gyla.ge/ge/post/saiam-yofili-meughlis-mier-mokluli-salome-jorbenadzis-saqmeze-evropul-sasamartlos-mimarta-96

[4] იხ. მაგ. Eremia and Others v The Republic of Moldova, N3564/11, ECHR, 28.05.2013.

სხვა სიახლეები