2. ადამიანის უფლებების დაცვა, დაცვის მექანიზმების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ბეჭდვა ელფოსტა

 

I. ადამიანის უფლებების დაცვა

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა კვლავაც პრობლემურ საკითხად რჩება. სასამართლო სისტემის გაუმართაობა და სისუსტე, დარღვეული უფლებების აღდგენისათვის ბრძოლაში მოქალაქეთა ინერტულობა და ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესის მუდმივი იგნორირება ადასტურებს ამ მიმართულებით აქტიური მოქმედების აუცილებლობას.

ადამიანის უფლებათა დაცვისათვის ჩვენ ვმოქმედებთ როგორც პოლიტიკის ფორმირების დონეზე, ასევე, კერძო შემთხვევებზე, ქმედითი და სწრაფი რეაგირების სხვადასხვა საშუალებით. შესაბამისად, მთელ საქართველოში მუშაობს ჩვენი უფასო იურიდიული დახმარების სამსახური. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, დაუყოვნებლივ მიიღოს კვალიფიციური იურიდიული ინფორმაცია სატელეფონო ან პირადი გასაუბრების მეშვეობით, ხოლო წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შერჩეულ მოქალაქეებს იურიდიული კონსულტაცია და ადვოკატით მომსახურება სასამართლოსა და სახელმწიფო ორგანიზაციების წინაშე.

ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია იმ ადამიანების ან ჯგუფების ინტერესების დაცვა, რომელთა უფლებებიც დაირღვა სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი იურიდიული მომსახურებით მოსარგებლენი არიან, აგრეთვე, .. მოწყვლადი ჯგუფები, მაგალითად, არასრულწლოვნები, ოჯახში ძალადობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლნი, უმცირესობათა წარმომადგენლები, პატიმრები და ..

სტრატეგიული ქვეამოცანები: 

I.1. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტულობის უზრუნველყოფა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში

შედეგები და ინდიკატორები

ჩვენი ძალისხმევით, ქვეყნის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრიორიტეტად აღიარება;
ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება და ლობირება;
სხვადასხვა სახელმწიფო კომისიასა და ჯგუფში აქტიური მონაწილეობით და ექსპერტული დასკვნებისა თუ კომენტარების საშუალებით, საქართველოს კანონმდებლობაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მოთხოვნების პრიორიტეტულად აღიარება;
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება, საჯარო დებატების უზრუნველყოფა, ამასთანავე, გაეროს შესაბამის კომიტეტებში ალტერნატიული ანგარიშების წარდგენა.