იურიდიული დახმარება ბეჭდვა ელფოსტა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი ფუნქციონირებს 1994 წლიდან. დახმარების ცენტრის მომსახურებით უკვე ათეულობით ათასმა ადამიანმა ისარგებლა და მას დღესაც ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ჩვენი დახმარებით სარგებლობენ საქართველოს და უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. ცენტრის მიზანია, იურიდიული დახმარება აღმოუჩინოს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი ახორციელებს უფასო იურიდიულ მომსახურეობას.

შესაძლებელია, როგორც სატელეფონო, ასევე პირადი და ონლაინ კონსულტაცია. ჩვენ ვპასუხობთ შემოსულ წერილობით განცხადებებს, ვთანამშრომლობთ გაზეთებთან, რომლებიც ინდივიდუალურ უფასო იურიდიულ კონსულტაციას სთავაზობენ საზოგადოებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია ახორციელებს უფასო საადვოკატო მომსახურებას სამართლის სხვადასხვა დარგების წინასწარ განსაზღვრულ მიმართულებებში.

უფასო სატელეფონო და პირადი კონსულტაციები

სატელეფონო და პირადი კონსულტაციები, იურიდიული დახმარების ცენტრში, მიმდინარეობს ყოველდღე 11:00 - 17:00 საათამდე (14:00 - 15:00 შესვენების დროის გათვალისწინებით), შაბათ-კვირის გარდა. მოქმედებს ტელეფონის ორი ხაზი, რომელთანაც სამართლის სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიცირებული იურისტ-კონსულტანტები მორიგეობენ და პასუხს სცემენ ნებისმიერ იურიდიულ (სამართლებრივ) შეკითხვას.

კონსულტანტები უზრუნველყოფილნი არიან უახლესი იურიდიული ლიტერატურითა და კომპიუტერული პროგრამა "კოდექსით", რაც თითქმის მთლიანად გამორიცხავს შემოსულ სამართლებრივ კითხვაზე პასუხის გაცემის შეუძლებლობას.

იგივე რეჟიმში მოქმედებენ ზემოაღნიშნული კონსულტანტები მოქალაქეთა პირადი მიღებების დროსაც. პირად მიღებაზე შესაძლებელია კონფიდენციალურად იურიდიული კონსულტაციის მიღება.

იურიდიული დახმარების ცენტრის უფასო სატელეფონო კონსულტაციების ტელეფონის ნომერია: 99-50-76

ონლაინ-კონსულტაციები და წერილობით შემოსულ კითხვებზე პასუხი

ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია შეკითხვის გამოგზავნა. შეკითხვების სირთულიდან გამომდინარე, კონსულტანტი შეკითხვას პასუხს გასცემს ოპერატიულად (არაუმეტეს ორი დღისა).

წერილობითი პასუხები გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებიდან შემოსულ შეკითხვებზე. სხვა დანარჩენი პირების მიერ წარმოდგენილ წერილობით შეკითხვებს, პასუხი გაეცემა ზეპირად.

უფასო საადვოკატო მომსახურეობა

იურიდიული დახმარების ცენტრს ჰყავს ადვოკატები, რომლებიც ახორციელებენ უფასო საადვოკატო მომსახურეობას მხოლოდ და მხოლოდ სოციალურად დაუცველი ფენისათვის და ისიც გარკვეული კრიტერიუმების საქმეებზე. სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებში ვგულისხმობთ ყველას, ვისაც არ აქვთ საშუალება დაიქირავოს ადვოკატი საკუთარი უფლებების დასაცავად.

სამოქალაქო სამართლის ადვოკატი

ჩვენ სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებს ვთავაზობთ უფასო საადვოკატო მომსახურეობას სამოქალაქო სფეროში. ძირითადი მიმართულებებია მეუღლის განქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხები (განქორწინება, ბავშვის მიკუთვნებისა თუ ნახვის პრობლემა, ალიმენტი და ა.შ.), და მემკვიდრეობა, როდესაც შესაძლოა, სოციალურად დაუცველი ბავშვის ინტერესები შეილახოს.

სისხლისსამართლის ადვოკატი

ჩვენი სისხლის სამართლის ადვოკატები იმ ადამიანთა სამსახურში დგანან, ვისაც არ აქვთ საშუალება დაიქირავონ ადვოკატი, ან მისი საქმე განიხილება იმ რაიონში, სადაც არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ადვოკატის სახელმწიფო პროგრამა და სახეზეა გამოძიების ან სასამართლოს მხრიდან აშკარა კანონდარღვევები და საქმის მიკერძოებით წარმართვა. 

ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი

ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე ჩვენი ადვოკატები ეხმარებიან სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებს იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეულია კანონი, რასაც მოჰყვა მოქალაქისა თუ სხვა პირის კანონიერი უფლების უხეში დარღვევა (ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული პრობლემები, ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევა და ა.შ.)

ინდივიდუალური დახმარების ცენრში შესაძლებელია არასოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლების საქმის აღებაც. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს, ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების, საზოგადოების მართლშეგნების და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისათვის.

სტრატეგიული სამართალწარმოება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს საკონსტიტუციო სამართალწარმოებას და ამზადებს საქმეებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოში წარსადგენად. ეს საქმიანობა დღესაც წარმატებით გრძელდება. ჩვენი მიზანია, აღმოვფხვრათ მოქმედ კანონმდებლობაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო და ადამიანის უფლებათა შემლახავი დებულებები და მოქალაქეთათვის უზრუნველვყოთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებით სარგებლობა.