სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საქართველოს პრეზიდენტის 2010-2012 წლების სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

2012-12-17 06:10
Featured image

10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის 2010-2012 წლების სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 

 
ბოლო წლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კუთხით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვა ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სფეროდ იქცა. როგორც წესი, აღნიშნული ფონდებიდან ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვა ხდებოდა. თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობი რჩებოდა, როგორც ამ ხარჯების მიზანშეწონილობა, ისე სხვადასხვა მიმართულებით გახარჯული თანხების ოდენობა.
 
შესაბამისად, თემისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საია აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოს 2010-2012 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის ძირითადი მიმართულებების შესახებ. ამასთან, წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს პერიოდს 2010-2011 წლებზე სრულად და 2012 წლის პერიოდს იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით.
 
საკითხის შესწავლისა და ანალიზის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა. კერძოდ:
2010-2011 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებთან მიმართებაში მაღალია ე.წ. უცნობი ხარჯების წილი. 2010 წელს აღნიშნული თანხა შეადგენდა 20,591,792 მილიონ ლარს, რაც მთელი სარეზერვო ფონდის 38% იყო. ხოლო 2011 წელში იგივე ტიპის ხარჯები 16,571,714  მილიონი ლარი იყო, რამაც 34% შეადგინა.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვაზე გავლენა მოხდინა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა. კერძოდ, მარტო მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად 33 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში, პრეზიდენტის განკარგულებებში არ ყოფილა ასახული გამოყოფილი თანხების კონკრეტული მიზნობრიობა, რაც თვითმმართველ ერთეულებს გამოყოფილი თანხების ხარჯვისთვის მეტ თავისუფლებას უტოვებდა.
2010 წელში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან  თანხების ყველაზე დიდი წილი 12,890,824 ლარი (23,61%), კონცერტების, მუსიკალური კლიპებისა და სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოიყო. ხოლო, 2011 წელში ხარჯების ყველაზე დიდი წილი 8,080,164 ლარი (16,39%), საცურაო აუზების, ბულვარების, სტადიონების, პარკებისა და კოტეჯის მშენებლობისთვის იქნა გათვალისწინებული.
2012 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან ბევრად მეტი თანხის გამოყოფა მოხდა, ვიდრე ეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ცხრა თვის ანგარიშში არის ასახული. კერძოდ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესულების ანგარიშის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 40,984,000  ლარი გამოიყო. ხოლო საიასთვის მოწოდებული განკარგულებების მიხედვით, აღნიშნული თანხა 44,612,057 ლარს შეადგენს.
 
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულირება სარეზერვო ფონდებიდან  თანხების ხარჯვის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტისა და  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებულ რეგულაციებს არ ითვალისწინებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ფაქტობრივად თანხების გამოყოფის პროცესში სრულ თავისუფლებას ანიჭებს.
სამომავლოდ საია ასევე გეგმავს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2010-2012 წლებში გამოყოფილი ხარჯების ძირითადი მიმართულებების შესახებ.