სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

"კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი მერაბ რატიშვილის განცხადებას ეხმიანებიან

2012-11-23 04:18
Featured image

2012 წლის 22 ნოემბერს მერაბ რატიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც იგი მიმართავს  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს, მისი გვარი ამოიღონ პოლიტმატიმართა სიიდან და ცალკე განიხილონ. ამასთან, რატიშვილი თხოვნით მიმართავს ადამიანის უფლებათა ცენტრს, კონსტიტუციის 42–ე მუხლს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომ მისი საკითხი ცალკე გაიტანონ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განსახილველად.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მერაბ რატიშვილი აღიარებულია პოლიტპატიმრად და შეყვანილია პოლიტპატიმართა სიაში,  რადგან მისი დაპატიმრება უკავშირდება პოლიტიკურ აქტივობებს და ოპოზიციის მხარდაჭერას. მისი საქმე ორჯერ მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რამდენიმეჯერმე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში. მას პირადად შეხვდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი, რის შედეგადაც მისი საქმე აისახა 2011  წლის ივნისის ანგარიშში. მიუხედავად ამისა,  ის დღემდე პატიმარია და სასჯელს იხდის საპატიმრო დაწესებულებაში.  

,,კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ ევროსასამართლოში გოლფის ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ რატიშვილის უფლებებს იცავს. საქმე ევროპის სასამართლოში ჯერ კიდევ 2009 წლის ივნისში გაიგზავნა, რადგან ,,კონსტიტუციის 42–ე მუხლს “ მიაჩნია, რომ რატიშვილი გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ მას დაერღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და გამოხატვის თავისუფლება.

 
ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლეს მერაბ რატიშვილის საქმე, რის შემდეგაც მისი საქმე პოლიტპატიმრების შესახებ დასკვნაში აისახა.
 
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი მერაბ რატიშვილის განცხადებას ეხმიანებიან და კიდევ ერთხელ წარადგენენ დასკვნას საქართველოს პარლამენტში მერაბ რატიშვილისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების შესახებ.