სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება ხაშურის #35 საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით

2012-10-04 12:03
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდებს უფლებამოსილ ორგანოებს ადეკვატური და ეფექტური რეაგირებისაკენ. აღნიშნული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სადავო უბნების მონაცემები არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე ხაშურის საარჩევნო ოლქში.

ხაშურის #35  საარჩევნო ოლქის დაახლოებით 10 საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი, მათ შორის აღნიშნულ უბნებზე გამართული არჩევნების შედეგების შეჯამება, მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა. კერძოდ, არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა განმარტებებით, დასტურდება რომ აღნიშნული უბნებზე  ადგილი ჰქონდა შემაჯამებელი ოქმების მონაცემების იმგვარ შედგენას რაც არ ასახავდა აღნიშნულ უბნებზე ამომრჩეველთა მიერ გამოხატულ ნებას ან საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი ოქმების მონაცემების მოგვიანებით შეცვლას. ამასთან, ხაშურის ოლქის რამოდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა სპეციალური დანიშნულების რაზმების შეჭრას და კომისიის წევრების იძულებას მათი მითითების მიხედვით მოეხდინათ არჩევნების შედეგების ასახვა შემაჯამებელ ოქმებში.

ზემოაღნიშნული ფაქტები ცხადყოფს, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო კანონმდებლობის არაერთ უხეშ დარღვევას, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოქალაქეთა მიერ გამოვლენილი ნების სათანადო ასახვაზე და  არსებითად შეცვალა უბნებზე დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნული კი თავის მხრივ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე მთელი ოლქის მასშტაბით. ამასთან, ცალკეულ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რაც სათანადო შესწავლას საჭიროებს შესაბამისი ორგანოების მხრიდან.

საიამ ამ დროისათვის ხაშურის #3, #5, #8, #10, #19, #45 #46 და #26 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საკითხი უკვე დააყენა საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუმცა, საიას საჩივრები არ იქნა დაკმაყოფილებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჩივრის განხილვის პროცესი მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევებით წარიმართა და კომისიის მიერ არ მომხდარა საქმეზე არსებული მტკიცებულებების სათანადო შესწავალა, რაც ასევე დარღვევას წარმოადგენს.  საია საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს ზემდგომ ინსტანციაში ასაჩივრებს, ამასთან აგრძელებს ხაშურის საოლქო კომისიაში სხვა უბნების შედეგების ბათილობის საკითხის დაყენებას.

მივმართავთ, ხაშურის #35 საოლქო საარჩევნო კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოს უზრუნველყონ ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებთან მიმართებით შედგენილი საჩივრების სათანადო განხილვა და საქმეზე არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების შესწავლის პირობებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ამასთან, მივმართავთ მთავარი პროკურატურას შეისწავლონ ის შემთხვევები, სადაც იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.