სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასება

2012-10-02 10:14
Featured image

საია არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში. ასევე საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე შემდეგ ქვეყნებში: აშშ, დიდ ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი.

მიუხედავად გარკვეული პროცედურული დარღვევებისა, დღის განმავლობაში პროცესი ძირითადად მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. გამონაკლისი იყო ხაშურის #35 ოლქი, სადაც სპეციალური დანიშნულები რაზმი რამდენიმე უბანზე ჩაერია ხმის დათვლის პროცესში.

პროცედურული დარღვევები ძირითადად ფიქსირდებოდა კენჭისყრის პროცესის დროს. აღსანიშნავია:

მარკირების პროცედურის გაუმართაობა;

სხვის ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობა;

საარჩევნო სიებში არსებული უზუსტობები, განსაკუთრებულად კი საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა არ ყოფნა საარჩევნო სიაში;

კენჭისყრის უბნებზე ვიდეო გადაღების უკანონო შეზღუდვა;

რამდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის უკანონოდ გამოძევებას კენჭისყრის უბნიდან;

სამოქალაქო პირთა რეგისტრირება სპეციალურ უბნებზე;

სხვა პროცედურული დარღვევები (ხარვეზით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები; ბიულეტენების და კონვერტების არასაკმარისი რაოდენობა; ლუქის ერთიანობის დარღვევა და სხვა).

უშუალოდ ხმის დათვლის პროცედურებმა უმეტეს შემთხვევაში დარღვევების გარეშე და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. აღსანიშნავია ხაშურის #35 საარჩევნო ოლქი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა რამდენიმე უბანზე და კანონდარღვევით ჩაერია ხმის დათვლის პროცედურაში. ვინაიდან, აღნიშნული წარმოადგენდა ამ უბნებზე შედეგების ბათილობის საფუძველს, საიამ შესაბამისი საჩივრით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას.

საიას დამკვირვებლებმა კენჭისყრის დღეს დააფიქსირეს სულ 147 შენიშვნა/საჩივარი. აქედან:

უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე 10 საჩივარი და 40 შენიშნვა;

კენჭისყრის დაწყებიდან კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე 59 საჩივარი 32 შენიშვნა;

შედეგების შეჯამების პროცედურებთან დაკავშირებით - 6 საჩივარი.

ამჟამად, მიმდინარეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს შემაჯამებელი ოქმების მაქსიმალურად სწრაფად გამოქვეყნება და შედეგების ატვირთვა ვებ-გვერდზე. ამ დრომდე პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის და მანიპულაციებისგან დაცვისთვის მნიშვნელოვანია შეჯამებული ოქმების შედეგები მაქსიმალურად ოპერატიულად ქვეყნდებოდეს ვებ-გვერდზე.