სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 17:00 საათისთვის

2012-10-01 14:17
Featured image

საიას აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 35 საარჩევნო ოლქში.

17:00 საათისთვის საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავაც მობილიზებული არიან პირები, რომლებიც აწარმოებენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. კვლავაც განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს და მიზანშეუწონელია. აღსანიშნავია, რომ საიას ცხელი ხაზის მეშვეობით უკავშირდება ბევრი მოქლაქე, რომელიც შეშფოთებულია ამ ფაქტით და მიიჩნევს, რომ აღნიშნულის გამო მათ ეზღუდებათ საკუთარი ნების თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, შეწყვიტონ ამომრჩევლის ნების გამოვლენის ამგვარი კონტროლი და საშუალება მისცენ მოქალაქეებს, თავისუფლად დააფიქსირონ არჩევანი.

ასევე, უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:

· დაფიქსირდა 5 შემთხვევა, როდესაც უბანზე მისულ ამომრჩეველს მისი გვარის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა. მსგავსი შემთხვევები დაფიქსიდა ბათუმში #23 და #58 საარჩევნო უბნებზე და საბურთალოს #21 საარჩევნო უბანზე;·

რამდენიმე უბანზე კვლავაც პრობლემად რჩება მარკირების პროცედურის წარმართვა. მარკირების სითხის უხარისხობის გამო არ რჩება შესაბამისი კვალი. მიუხედავად ჩვენს მიერ დაფიქსირებული საჩივრებისა კენჭისყრა კვლავაც გრძელდება უხარისხო მარკირების სითხის გამოყენებით ან სულაც მარკირების გარეშე;

· არაერთ უბანზე ფიქსირდება უკანონო აკრძალვები ვიდეო გადაღების დროს. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეჯოს ოლქი. ოპერატორებს კომისიის წევრები სთხოვენ მხოლოდ საარჩევნო ყუთის გადაღებას და არ აძლევენ საშუალებას გადაიღოს მთლიანად კენჭისყრის უბანი, რაც კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას წარმოადგენს;

· საიას დამკვირვებელი უკანონოდ გამოაძევეს მარნეულის #50 უბნიდან, როდესაც მან გადაწყვიტა საჩივრის დაწერა. მოგვიანებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჩარევის შედეგად, დამკვირვებელი დაუშვეს უბანზე;

· გორის #111 უბანსა და გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განთავსებულ #115 უბანზე რეგისტირებული არიან არა მხოლოდ სამხედრო ძალების და თავისუფლებააღკვეთილ პირები, არამედ ამ დაწესებულებებში მოსამსახურე სამოქალაქო პირები, რომლებიც მონაწილეობენ, როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში;

· საგარეჯოში, იორმუღალოში ხშირია უბანზე აგიტაციის შემთხვევები, მათ შორის ბიულეტენის შემოხაზვა დემონსტრაციულად, რაზეც კომისიის მხრიდან არ ხდება კანონით გათვალისწინებული რეაგირება. ასევე, საგარეჯოს #45 უბანზე აგიტაციას ეწეოდა კომისიის თავმჯდომარე;

· წყალტუბოს ოლქში სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სახელმწიფოებრივი ტერიტორიული ადმინისტრაციული მოწყობის სტრატეგიული კვლევითი ცენტრის“ დამკვირვებლებს ცხადი გავლენა აქვთ კომისიის წევრების საქმიანობაზე;

· გვიკავშიდება მრავალი მოქალაქე, რომელიც აღნიშნავს, რომ მათი გვარები არ იძენება საარჩევნო სიაში;

· გერმანიაში გახსნილ საარჩევნო უბანზე საარჩევნო სიებში არ აღმოჩნდა რამდენიმე ამომრჩეველი, რომელიც იმყოფებოდა საკონსულო აღრიცხვაზე;

· აშშ-ში ნიუ-იორკში თითქმის 2 საათით გვიანდება უბნის გახსნა. ამომრჩეველი დიდი რაოდენობით არის მობილიზებული, თუმცა მათ არ ეძლევათ ხმის მიცემის შესაძლებლობა. კომისიის წევრები დაკვირვებლებს არ აძლევენ უბანზე შესვლის შესაძლებლობას იმ მოტივით, რომ მათ არ წარმოადგინეს შესაბამისი ფორმით დამოწმებული მოწმობები.

საია აგრძელებს კენჭისყრის დღ დაკვირვებას და მორიგ პრეს-კონფერენციას გამართავს 21:00 საათზე.