სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი

2012-09-04 10:39
Featured image

ამა წლის 27 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებით. მედია-საშუალებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში ამა წლის 25 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა". აღნიშნული ღონისძიების მიმდინარეობისას, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზურაბ ოტიაშვილი ადგილობრივ მაცხოვრებელს, გიორგი ბასილაშვილს 500 ლარით დაეხმარა. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რამდენიმე მტკიცებულება მოიპოვება. კერძოდ:

icmm.ge-ზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში გიორგი ბასილაშვილი ადასტურებს ზურაბ ოტიაშვილის მიერ მისი დახმარების ფაქტს;

ჟურნალისტისთვის მიცემულ კომენტარში თავად ზურაბ ოტიაშვილიც ადასტურებს ამ ინფორმაციას და ამბობს: „გაჭირვებული იყო და ადამიანურად დავეხმარე. თქვენც რომ ნახოთ, თქვენც დაეხმარებით“;

ტელეკომპანია მაესტროს მიერ მომზადებულ სიუჟეტში გიორგი ბასილაშვილი და მისი მეგობარი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ზურაბ ოტიაშვილის მხრიდან ამომრჩევლის დახმარების ფაქტს. კერძოდ, ისინი მიუთითებენ, რომ ბასილაშვილს თანხა კონცერტის წამყვანმა გადასცა, რომელმაც გამოაცხადა, რომ ის ზურაბ ოტიაშვილისგან იყო.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 18 აგვისტოს, ვაჟაობის დღესასწაულამდე 1 კვირით ადრე ზურაბ ოტიაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მაჟორიტარობის კანდიდატად წარუდგინა მოსახლეობას. ბატონი ოტიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს სწორედ მაჟორიტარი კანდიდატის რანგში ატარებდა, რასაც არაერთი ვიდეომასალა მოწმობს. მაგალითად, 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ადგილობრივი მოხელე წყარუაშვილი ზურაბ ოტიაშვილთან ერთად ხვდება მოსახლეობას და სააგიტაციო შეხვედრას ატარებს, სადაც კანდიდატის დამსახურებებზე ამახვილებს ყურადღებას. აღნიშნული ფაქტების ერთობლიობა ადასტურებს, რომ ზურაბ ოტიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მოქმედებს და საარჩევნო მიზნები გააჩნია. ამა წლის 31 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი დუშეთის საარჩევნო ოლქში იქნება არა ზურაბ ოტიაშვილი, არამედ  ნინო ხუციშვილი, თუმცა, ეს ცვლილება გავლენას არ ახდენს 25 აგვისტოს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციაზე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის მიხედვით, საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ პირისათვის ფულის გადაცემა ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულს წარმოადგენს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით. პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზურაბ ოტიაშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებაში იკვეთება სწორედ ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.