სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს განცხადება ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“ საქმიანობასთან დაკავშირებით

2012-07-14 14:56
Featured image

ამა წლის 10 ივლისს დარეგისტრირდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველო არ იყიდება“, რომლის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით:

„ორგანიზაციის მიზანია მიაწოდოს საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია ბიძინა ივანიშილის ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობის შესახებ, ხელი შეუწყოს ოლიგარქული ფულისა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების ერთმანეთისაგან გამიჯვნას, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ამომრჩეველთა მოსყიდვის წახალისება. ამ მიზნით ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“ გეგმავს ფართმოსშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, ინტერნეტსირვცეში, ტელევიზიისა თუ ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებებით... ვინაიდან ორგანიზაციას აქვს პოლიტიკური მიზნები მან მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საგანგებო წერილით რათა სამსახურმა განახორციელოს ორგანიზაციის ფინასურ საქმიანობის მონიტორინგი.“

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა თანახმად, პარტიისთვის დადგენილი რეგულაციები „ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს“. როგორც ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“-ს განცხადებებიდან იკვეთება, მას არ გააჩნია საარჩევნო მიზანი, თუმცა შესაძლოა ჰქონდეს პოლიტიკური მიზანი, რაც საქართველოს კანონმდებლობით გამიჯნულია ერთმანეთისგან. იმისათვის, რომ პირი ცნობილ იქნეს პარტიასთან გათანაბრებულად, აუცილებელია მას განცხადებული ჰქონდეს საარჩევნო მიზნები. ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას“ მიერ საარჩევნო მიზნის (არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების სურვილის) ქონა ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არ დასტურდება.

აღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, გაკვირვებას იწვევს ორგანიზაციის მიმართვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისადმი, სადაც ის 26-ე  (პრიმა) მუხლით გათვალისწინებულ პირად ცნობას ითხოვს. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს ორგანიზაციის სურვილს, ასეთი სტატუსის მიღებით განახოციელოს საქმიანობა, რაც სხვა შემთხვევაში კანონით აკრძალული იქნებოდა. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელიმე პარტიის საწინააღმდეგოდ ფინანსური რესურსის ხარჯვას იგივე შეზღუდვები უწესდება, რაც პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებებს. იმ შემთხვევაში, თუ ის ხორციელდება იურიდიული პირის მიერ, აღნიშნული უკანონოა და ისჯება თანხის ხუთმაგი ოდენობით.

მედიასაშუალებებისათვის მიცემულ ინტერვიუში (ნეტგაზეთი, მაესტრო ) „საქართველო არ იყიდებას“ თავმჯდომარე, გიგა ნასარიძე განმარტავს, რომ ორგანიზაციამ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის საწინააღმდეგოდ დამზადებული რეკლამა განათავსა ტელეკომპანიების: „რუსთავი2“-ისა და „იმედის“ ეთერში. „მოლაპარაკებები გვაქვს მაესტროსთანაც, მოლაპარაკებები გვაქვს მე-9 არხთანაც, კავკასიასთანაც“ - ამბობს ის. მიგვაჩნია, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის მე-2 (სეკუნდა) პუნქტის თანახმად ორგანიზაციის - „საქართველო არ იყიდება“ - მიერ ტელეკომპანიების ეთერში განთავსებული სარეკლამო რგოლები წარმოადგენს იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ შემოწირულებას რეკლამის დამზადებაზე/განთავსებაზე დახარჯული ფინანსური რესურსის მოცულობით. საქართველოს კანონმდებლობაში გასული წლის დეკემბერში შესული ცვლილებებით, იურიდიულ პირებს აეკრძალათ შემოწირულების განხორციელება. კანონის ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას უკანონო შემოწირულების ხუთმაგი ოდენობით.

მიგვაჩნია, რომ ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციით ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“-ს საარჩევნო მიზნები არა აქვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არ უნდა მოახდინოს მისთვის 26-ე (პრიმა) მუხლით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭება, არამედ უნდა იმსჯელოს უკანონო შემოწირულების განხორციელებისათვის მისი დაჯარიმების საკითხზე.