სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ,,ინფო 9“-ს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ეხმაურება

2012-07-09 12:38
Featured image

 

ბოლო პერიოდში  გახშირდა ,,ინფო 9“-ს წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები. საჯარო მოხელეები ჟურნალისტებს აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც დასტურდება ოპერატორების მიერ გადაღებული ვიდეო მასალებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მთელი კვირის განმავლობაში ჟურნალისტებს კამერით დაჰყვებიან მათთვის უცნობი პირები, რომლებიც „მედია ჯგუფის“ წარმომადგენლებად აცნობენ თავს, უსვამენ  შეკითხვებს პროფესიული საქმიანობისა და პირადი ცხოვრების სფეროდან. ასეთ პირობებში ჟურნალისტებს არ ეძლევათ საშუალება განახორციელონ თავიანთი საქმიანობა.

უცნობი პირები ამგვარი  ინტენსიური ქმედებებით  სცილდებიან გამოხატვის თავისუფლებით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს და იჭრებიან სხვის პირად ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში.

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მიიჩნევს, რომ ,,ინფო 9“-ს წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ქმედებებში იკვეთება  დანაშაულის ნიშნები.

მოუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება ნორმალურ სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მედიას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებმა დაიცვან ეთიკური სტანდარტები.