სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას მოსაზრება ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე

2012-07-06 18:59
Featured image

2012 წლის 24 ივნისს საია–მ გაავრცელა განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით. საია–ს განცხადებაში, აღნიშნული განჩინების კანონიერება სხვა გარემოებებთან ერთად, შეფასებულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151–ე მუხლის საფუძველზე და აღინიშნა, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინება მიღებულ იქნა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.


აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოსგან მიღებულ იქნა სამართლებრივი ანალიზი, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია სსსკ–ის 151–ე მუხლზე. ამის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნევთ დამატებითი პოზიციის წარმოდგენისას ჩვენი მსჯელობა ასევე შემოიფარგლოს მხოლოდ სსსკ–ის 151–ე მუხლით და მის ჭრილში ჩვენი პირველადი შეფასების კიდევ ერთხელ წარმოდგენით.

 

თუმცა, მანამდე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კორუფციულ დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსში სისტემატიზებული ხასიათი არ გააჩნია. უფრო მეტიც, კოდექსი კორუფციული დანაშაულის დეფინიციასაც არ შეიცავს. შესაბამისად, კანონმდებლობა ამ ნაწილში ტოვებს გაუმართლებლად ფართო დისკრეციას იმისათვის, რომ შეფასდეს კონკრეტული დანაშაული არის თუ არა კორუფციული ხასიათის. რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულს, მიუხედავად ამ დანაშაულის დამახასიათებელი ნიშნებისა, გასათვალისწინებელია, რომ ის კოდექსში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თავშია მოცემული, რაც გამორიცხავს ცალსახად იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ ის კორუფციული დანაშაულია. ამას გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის კორუფციულ დანაშაულად კვალიფიკაციას არ ითვალისწინებს არც კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენცია, რომელიც რატიფიცირებული აქვს საქართველოს. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია დანაშაულთა კლასიფიკაციის სტანდარტული სქემა. რომლის მიხედვითაც დანაშაულები დაყოფილია კლასიფიკაციის სამი დონის მიხედვით. პირველ დონეზე ერთმანეთისაგან გამიჯნულია ძალადობრივი და არაძალადობრივი დანაშაულები. მეორე დონე ითვალისწინებს დანაშაულის დაყოფას განსაკუთრებით მძიმე, მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის მიხედვით.

 

კლასიფიკაციის მესამე დონე ითვალისწინებს დანაშაულის დაყოფას ობიექტების/სისხლის სამართლის კოდექსის თავების მიხედვით, მათ შორის, ცალკე არის გამოყოფილი გავრცელებული დანაშაულები რომლებზეც წარმოებს სამინსტროს მიერ სტატისტიკური აღრიცხვა. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დანაშაულთა კლასიფიკაციის სტანდარტული სქემის მიხედვით 33 (ოცდამეცამეტე) პოზიციაზე მითითებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობაში იმ მუხლებზე რომლებიც სამინისტროს კორუფციულ დანაშაულად მიაჩნია, აღნიშნულ ჩამონათვალში სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მითითებული არ გახლავთ.
აღნიშნული გარემოებების მიუხედავად მნიშვნელოვანია მსჯელობა სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საპროცესო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისობასთან დაკავშირებით.

www.justice.gov.ge/index.php?sec_id=723...


სსსკ–ის 151–ე მუხლი განსაზღვრავს ქონებაზე ყადაღის დადების მიზნებსა და საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის ნაწილები კი ითვალისწინებს სამ ალტერნატიულ შემთხვევას, რომელთა არსებობის დროსაც შესაძლებელია მოსამართლის მიერ მიღებულ იქნეს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის:


 სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისთვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული;
 ყადაღის დადება ასევე გამოიყენება სს კოდექსის 323–330 და 3311 მუხლებით გათვალისწინებული ერთ–ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას, აგრეთვე მათი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად;
 სასამართლოს ასევე შეუძლია ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები რომ ეს კორუფციული, რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194–ე მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონებაა ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.
იმისათვის, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადება შეფასებულიყო როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისი, აუცილებელი იყო ყადაღის დადების განჩინებაში დასაბუთებული ყოფილიყო ზემოთწარმოდგენილი სამი ალტერნატივიდან ერთ–ერთის არსებობა.


როგორც საია–ს პირველად განცხადებაში აღინიშნა, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ქონებაზე ყადაღის დადების განჩინება არ შეესაბამებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, ვინაიდან სახეზე არ იყო სსსკ–ის 151–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები. მსგავსი მსჯელობა სადავო არ გამხდარა არც ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ მომზადებულ ანალიზში, რომელშიც აღინიშნა, საია–ს მიერ მომზადებული პოზიციის არგუმენტირებულობა და სამართლიანობა აღნიშნულ ორ ნაწილთან მიმართებით.
საქალაქო სასამართლოს განჩინებაში, რომელსაც ეყრდნობოდა საია–ს მიერ მომზადებული განცხადება, მითითებული იყო, რომ:
„არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“–ს ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები არის ქონება, რომლებიც გამიზნულია დანაშაულის, კერძოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ჩასადენად, რის გამოც ხსენებულ ტექნიკურ საშუალებებს უნდა დაედოს ყადაღა.“


განჩინებაში წარმოდგენილი არ ყოფილა მსჯელობა სსსკ–ის 151–ე მუხლის რომელი ნაწილის არსებობა განაპირობებდა კონკრეტულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადებას. წარმოდგენილი არ ყოფილა არც იმ ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რაც სასამართლოსთვის ქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს მომავალში დანაშაულის ჩადენისა და შესაბამისად, ქონების დაყადაღების საჭიროების შესახებ. როგორც ზემოთ აღინიშნა, სსსკ–ის 151–ე მუხლი სამ ალტერნატიულ შემთხვევას იცნობს, რომელთაგან ერთ–ერთის არსებობა აუცილებელია იმისათვის, რომ სასამართლომ მიიღოს ქონებაზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება. შესაბამისად, სწორედ სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენდა განესაზღვრა არსებული ვითარება ქმნიდა თუ არა ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველს და ამასთან, სასამართლოს მოვალეობა იყო ნათლად და ცალსახად მიეთითებინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151–ე მუხლის რომელი ნაწილის საფუძველზე იღებდა ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას.


იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ვერც ერთ ზემოთწარმოდგენილ შეკითხვას ვერ პასუხობს, იმის გასარკვევად თუ რა სამართლებრივ საფუძველს მოიაზრებდა მოსამართლე შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადებისას, საჭიროა მივყვეთ განჩინებაში გამოყენებულ მსჯელობას, ფრაზებსა და მითითებებს.


განჩინებაში, ქონებაზე ყადაღის დადების ერთადერთ საფუძვლად განსაზღვრულია ქონების გამოყენება დანაშაულის, კერძოდ ამომრჩევლის მოსყიდვის, ჩასადენად. სასამართლოს სხვა არგუმენტაცია განჩინებიდან არ იკითხება. სასამართლოს მხრიდან ნახსენები არ არის კორუფციული ქონება. მითუმეტეს არ არის წარმოდგენილი მსჯელობა ამომრჩევლის მოსყიდვას, კორუფციულ დანაშაულსა და კორუფციულ ქონებას შორის არსებულ კავშირებზე და მათ არსებობაზე კონკრეტულ საქმეში.


წარმოდგენილი მოსაზრებების მიზანი არ არის ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ მომზადებული სამართლებრივი ანალიზის შეფასება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მასში წარმოდგენილი მსჯელობა სრულიად სხვა სიბრტყეზეა სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებასთან შედარებით. ამასთან, ანალიზში მოყვანილი არგუმენტაცია, მათი ხარისხის მიუხედავად, ვერ გამოდგება სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების განსამარტად და მითუმეტეს, გასამყარებლად.


თუკი სასამართლო ჩათვლიდა, რომ ქონებაზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო სსსკ–ის 151–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე (როგორც ეს ანალიზშია ნახსენები), მას როგორც მინიმუმ უნდა ეხსენებინა კორუფციული ქონების არსებობა. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა ამგვარ ტერმინს არ იცნობს, სასამართლოს უნდა წარმოედგინა საკუთარი ინტერპრეტაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და განემარტა იგი, ამასთან სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა ამ საფუძვლით ქონების დაყადაღების საჭიროება.


აღნიშნულის ნაცვლად, სასამართლომ ქონების დაყადაღების საფუძვლად განჩინებაში მიუთითა, დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ ქონება გამოყენებული იქნებოდა დანაშაულის, კერძოდ ამომრჩევლის მოსყიდვის ჩასადენად. ქონების დაყადაღება იმ საფუძვლით, რომ მისი გამოყენება მოხდება მომავალში დანაშაულის ჩასადენად მოცემულია სსსკ–ის 151–ე მუხლის მე–2 ნაწილში და არა 151–ე მუხლის მე–3 ნაწილში. არგუმენტი, რომელსაც სასამართლო იყენებს განჩინებაში, იმეორეს 151–ე მუხლის მე–2 ნაწილში მოცემულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ქონების დაყადაღება შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში თუ სხვა გარემოებებთან ერთად, „არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად.“ თავის მხრივ, ის ფაქტი, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არ წარმოადგენს 151–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებას დასაბუთებულია როგორც საია–ს პირველ განცხადებაში, ასევე გაზიარებულია სამდივნოს სამართლებრივ ანალიზშიც.


სასამართლოს მიერ მითითება იმაზე, რომ ქონება შემდგომში გამოყენებული იქნებოდა დანაშაულის ჩასადენად, გვაფიქრებინებს, რომ სასამართლოს განზრახვა არ ყოფილა აღნიშნული ვითარების მოქცევა სსსკ–ის 151–ე მუხლის მე–3 ნაწილის ფარგლებში, რამაც შესაძლოა განაპირობა ისიც, რომ სასამართლომ არ განავითარა მსჯელობა კორუფციული ქონების და კორუფციული დანაშაულის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით. სსსკ–ის 151–ე მუხლის მე–3 ნაწილის ანალიზი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ ქონების კორუფციულ ქონებად (თავის მხრივ ნათელი არ არის რას გულისხმობს ეს ტერმინი) დაკვალიფიცირების შემთხვევაში, სასამართლოს არ მოუწევდა დამატებითი გარემოების სახით მითითება იმაზე, რომ აღნიშნული ქონება შესაძლოა მომავალში გამოყენებული ყოფილიყო დანაშაულის ჩადენის მიზნით. ნორმის ანალიზი მიუთითებს, რომ კორუფციული ქონებისთვის ყადაღის დასადებად დამატებითი მოცემულობების არსებობა საჭირო არ არის, რაც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ აქცენტის ამ მიმართულებით გაკეთებას.


კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მსჯელობის ამგვარად განვითარების საჭიროება წარმოშვა, პირველ რიგში, სასამართლოს განჩინებაში კონკრეტულ სამართლებრივ საფუძველზე მითითების არარსებობამ. განჩინებაში წარმოდგენილმა მწირმა მსჯელობამ კი გამორიცხა, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ქონებაზე ყადაღის დადების შემთხვევის განხილვა სსსკ–ის 151–ე მუხლის მე–3 ნაწილის ფარგლებში. აღნიშნულის განზრახვა პირველ რიგში გამოხატული არ ყოფილა თავად სასამართლოს მხრიდან. სამართლებრივ ანალიზში წარმოდგენილი დასაბუთება კი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გამოყენებული სასამართლოს პოზიციის განსამარტად.

თუკი სასამართლო ჩათვლიდა, რომ ქონებაზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო სსსკ–ის 151–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე (როგორც ეს ანალიზშია ნახსენები), მას როგორც მინიმუმ უნდა ეხსენებინა კორუფციული ქონების არსებობა. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა ამგვარ ტერმინს არ იცნობს, სასამართლოს უნდა წარმოედგინა საკუთარი ინტერპრეტაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და განემარტა იგი, ამასთან სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა ამ საფუძვლით ქონების დაყადაღების საჭიროება.