სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია იმ მოქალაქეების საქმის შესწავლას ითხოვს, რომლებიც ფონდ ,,ქომაგისთვის” დახმარების თხოვნით მიმართვის შემდეგ მოწმის სახით დაიკითხნენ

2012-06-27 13:40
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები გაესაუბრნენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფონდ ,,ქომაგისთვის” დახმარების თხოვნით მიმართვის შემდეგ მოდულის შენობაში მოწმის სახით დაიკითხნენ. მოქალაქეების - გივი ქურიძის, მანანა გურგენაშვილის, ლამზირა ყოჩიშვილის, ნუგზარ ბელქანიას მონათხრობების ურთიერთშეჯერების შედეგად, იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, მითითებულ პირთა მოწმის სახით დაკითხვის პროცესში, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს.

ზემოაღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ნამდვილად მიმართეს ფონდ ,,ქომაგს”. მათი განმარტებით, 2012 წლის 9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სახლებში მიაკითხეს და მოტყუებისა და იძულების წესით მოდულის შენობაში წაიყვანეს. უმრავლეს შემთხვევაში პოლიციელებს სამოქალაქო ფორმა ეცვათ და თავიანთ ვინაობას მოწმის სახით დასაბარებელ პირებს არ უმხელდნენ. მართალია, მოდულის შენობაში დაკითხვის დროს მოქალაქეებს ეცნობათ, რომ მოწმის სახით იკითხებოდნენ, თუმცა, კონკრეტულად რა დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება, მათთვის არ აუხსნიათ. სამ მათგანს არ განემარტა ადვოკატის დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოითხოვს, რომ მოწმის სახით დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს უწყება, სადაც ,,აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რისთვის, ვისთან და რა მისამართზე არის პირი გამოძახებული, გამოცხადების დღე და საათი”. მოწმის იძულებითი წესით მიყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ იგი არასაპატიო მიზეზით თავს არიდებს გამოცხადებას. აქვე, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ნ.ბელქანიას განცხადებით, მას სამუშაო ადგილას მიაკითხეს პოლიციელებმა, რომელთაც მანქანაში მისი არასრულწლოვანი შვილი ეჯდათ.

ასევე, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო მოქალაქე გივი ქურიძის მონათხრობი. იგი დაავადებულია “ც” ჰეპატიტით, ღვიძლის ციროზით და ასციტით.  2012 წლის 5 ივნისს გ.ქურიძემ გაიკეთა ოპერაცია, 8 ივნისს გადაიყვანეს იმუნოლოგიის ცენტრში მკურნალობის გაგრძელების მიზნით, 9 ივნისს პალატაში მიაკითხა სამმა პოლიციელმა და განუცხადეს, რომ დაკითხვაზე უნდა წაეყვანათ. მიუხედავად იმისა, რომ ქურიძე ახალი ნაოპერაციები იყო, ჭრილობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული და ექიმიც წინააღმდეგი იყო, რომ საავადმყოფოდან გაეყვანათ, პოლიციელებმა მაინც წაიყვანეს იგი მოდულის შენობაში.  გაურკვეველ მიზეზთა გამო, ქურიძის დაკითხვა დროულად ვერ მოხერხდა, იგი შეუძლოდ გახდა და ამიტომ საავადმყოფოში დააბრუნეს. ამის შემდეგ, იმავე დღეს იგი ისევ წაიყვანეს მოდულის შენობაში დასაკითხად. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, ქურიძე კვლავ ცუდად გახდა. როგორც თავად განმარტავს, გაუსივდა სხეული და სუნთქვის უკმარისობა შეექმნა, რის შემდეგაც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და მისი საშუალებით კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს. საბოლოოდ, ქურიძის დაკითხვა საავადმყოფოში მოხდა.

ამას გარდა, როგორც ეს მოქალაქეები განმარტავენ, რიგ შემთხვევაში, მათ უსვამდნენ ისეთ კითხვებს, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო რაიმე კონკრეტულ სამართალდარღვევასთან. მაგალითად, ნ.ბელქანია აღნიშნავს, რომ მას ასეთი კითხვები დაუსვეს: ,,გამოხვალთ თუ არა ქუჩაში, თუ ოქტომბერში არჩევნებს წააგებთ?“ ,,რატომ ხართ ოპოზიციაში, როცა გაქვთ დენი, გაზი და წყალი“ და ა.შ.

მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ საქმეებზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და მითითებულ მოქალაქეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხი უნდა გასცეს მთელ რიგ კითხვებს. მაგალითად, რატომ მივიდნენ მოწმის სახით დასაბარებელ ნ.ბელქანიასთან პოლიციელები მის არასრულწლოვან შვილთან ერთად და ამ გზით ადგილი ხომ არ ჰქონდა მოწმეზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენის მცდელობას, მუქარას ან იძულებას. ასევე, გაუგებარია, თუ რატომ გახდა აუცილებელი ახლად ნაოპერაციები ადამიანის ჯანმრთელობის გარისკვის ფასად მისი დაუყოვნებლივ დაკითხვა? ხოლო თუ ეს მართლაც გადაუდებელი აუცილებლობა იყო, რატომ არ დაიკითხა იგი თავიდანვე საავადმყოფოში? მით უმეტეს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის თანახმად, არა მხოლოდ მოწმე, არამედ ბრალდებულიც კი შეიძლება  დაკითხულ იქნეს ,,დასაკითხის ყოფნის ადგილას“ და, შესაბამისად, მაინც და მაინც პოლიციის შენობაში პირის დაკითხვა არც აუცილებლობაა და არც სამართალდამცავ ორგანოებზე კანონით დაკისრებული  ვალდებულება. ასევე მიუღებელი და დაუშვებელია დასაკითხ პირისთვის ზემოაღნიშული შინაარსის შემცველი კითხვების დასმა.

მოვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად და ობიექტურად შეისწავლოს ზემოთ მითითებული ფაქტები, რის შემდეგაც უნდა დადგინდეს, მოცემულ შემთხვევაში, რა სახის სამართალდარღვევებს ჰქონდა ადგილი - დისციპლინურს თუ სისხლისსამართლებრივს.