სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია რეპრესირებულებისათვის ფულადი კომპენსაციის მიკუთვნების საკითხებზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართავს

2012-01-14 09:03
Featured image

საია და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი (EHRAC) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს კლაუს და იური კილაძეების საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებასთან დაკავშირებით თავიანთ მოსაზრებებს წარუდგენენ.

კლაუს და იური კილაძეების საქმეზე ევროპის სასამართლოს მიერ 2010 წლის 2 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2011 წლის მაისში საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვით რეპრესირებულებისა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის ფულადი კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს და ასევე განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. საიამ და EHRAC-მა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ერთხელ უკვე მიმართა რეკომენდაციებით 2011 წლის 30 მაისს. ორგანიზაციები მინისტრთა კომიტეტს სთხოვდნენ, გაგრძელებულიყო კილაძეების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგი, რომელიც დაადგენდა ეროვნული სასამართლოების მიერ საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენების პრაქტიკას და შემდგომ, კომიტეტს შესაძლებლობა ექნებოდა შეეფასებინა, ხდებოდა თუ არა ამ კანონების სწორი იმპლემენტაცია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია რეპრესირებულებისა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის წლების განმავლობაში განუხორციელებელი უფლების უზრუნველსაყოფად, ამ ცვლილებების ცხოვრებაში გატარებისას იკვეთება პრობლემები, რომელიც ჩვენი აზრით ყურადღებას საჭიროებს.

საიას მიერ, ფულადი კომპენსაციის მიკუთვნების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც ვფიქრობთ, ეჭვქვეშ აყენებს კილაძეების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულებას. კერძოდ,
- თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის ფულადი კომპენსაციის მიკუთვნების შესახებ საქმეების განხილვის ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭება ეჭვქვეშ აყენებს რეგიონში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას, ხშირ შემთხვევაში მათი ასაკის, ჯანმრთელობის და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით;
- გარდა ამისა, 2011 წლის სექტემბრისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 ათასზე მეტი სარჩელი იყო შეტანილი, მაშინ როცა სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ 73 საქმე ჰქონდა გამოტანილი. აღნიშნული ხაზს უსვამს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადატვირთულობას, რაც საქმეების დროულად განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას უშლის ხელს
- თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სარჩელის წარმოებაში მიღებისათვის ხარვეზების დაუსაბუთებლად დადგენა
- სასამართლოს მიერ მიკუთვნებული ფულადი კომპენსაციები არის გაუმართლებლად დაბალი და არ შეესაბამება განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს და მოთხოვნებს
- ჭიანურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა

საია, ევროპის ადამიანის უფლებათა ცენტრთან ერთად, მინისტრთა კომიტეტს ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დეტალურ ანალიზს უგზავნის და წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებიც, ჩვენი აზრით კილაძეების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტურად აღსრულება უზრუნველყოფს.

მიმართვის სრული ტექსტი იხილეთ თანდართულ ფაილში.