სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

2011-12-30 11:43
Featured image

ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს დისკუსია პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების გარშემო. ვინაიდან, ამ თემის ირგვლივ კვლავაც არსებობს კითხვები, გვსურს საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ გავამახვილოთ კანონის მიღების პროცედურაზე.

მივიჩნევთ, რომ „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონი პარლამენტმა რეგლამენტით დადგენილი პროცედურის დარღვევით მიიღო. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლი (რომელიც შეეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის და მათთან დაკავშირებული სუბიექტებისათვის კანონის დარღვევით მიღებული დაუხარჯავი შემოწირულობების თანხის გამცემისათვის დაბრუნებას) კანონპროექტის ტექსტში გაჩნდა მხოლოდ მესამე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევას წარმოადგენდა. რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.

ამასთან, კანონპროექტის მე-2 მუხლის მესამე მოსმენით განხილული რედაქცია არ ემთხვევა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რედაქციას, რაც გაურკვევლობას ბადებს, იმის გათვალისწინებით, რომ მუხლის შინაარსობრივ და რედაქციულ მხარესთან დაკავშირებით პარლამენტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.

აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ხელთ არსებობს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2011 წლის 29 დეკემბერს დაახლოებით 15:30 საათისთვის გამოქვეყნებული ვერსია, რომლის მე-2 მუხლი იკითხება შემდეგი სახით: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.

ამ დროისათვის საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის მე-2 მუხლის ჩანაწერი კვლავაც ამ სახით რჩება, შესაბამისად, 29 დეკემბრის 15:30 საათის შემდეგ კანონის აღნიშნული მუხლის რედაქციას სახეცვლილება არ განუცდია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია რა ეტაპზე განიცადა კანონის აღნიშნულმა მუხლმა ცვლილება.მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოაქვეყნოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ის ვერსია, რომელსაც მესამე მოსმენით ეყარა კენჭი და ხელმოსაწერად გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.