სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს განცხადება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეაზე

2011-12-29 10:05
Featured image

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (შემდგომში სასამართლოს) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-10 სესია 2011 წლის 12-21 დეკემბერს ნიუ-იორკში გაიმართა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეა სასამართლოს მმართველობის საზედამხედველო და საკანონმდებლო ორგანოა.

ასამბლეის მიერ არჩეულ იქნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალი პროკურორი, ფატუ ბენსუდა (გამბია), რომელიც თავის ფუნქციების განხორციელებას 2012 წლის 16 ივნისიდან 9 წლის ვადით შეუდგება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), რომელიც არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს (GCICC) კოალიციის წევრი და ამავე დროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიციის (CICC) საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, 14 დეკემბერს სიტყვით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეას. განცხადებაში საუბარია საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საჭიროებაზე.

სამ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მან საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის წინასწარი მოკვლევა დაიწყო. პროკურორის განცხადებით, იგი ამჟამად აკვირდება ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიებებსა და დამნაშავეთა დასჯას როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში. აპელირებს რა, ეროვნული გამოძიებების არაეფექტურობით, საია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს მოუწოდებს, დაიწყოს 2008 წლის კონფლიქტის დროს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულების გამოძიება.

ასამბლეის სესიის შედეგების მოკლე, არაოფიციალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიციის ვებ გვერდზე

საიას განცხადების სრული ტექსტი იხილეთ თანდართულ დოკუმენტად.