სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მოუწოდებს პროკურატურას #8 დაწესებულებაში გამოვლენილი სავარაუდო წამების ან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება ეფექტურად წარმართოს

2014-11-25 11:31
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს 2014 წლის 12 ნოემბერს სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ გამოვლენილ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე და  სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნული ფაქტის გამოძიებისას ამ დრომდე განხორციელებულ არაადეკვატურ რეაგირებაზე. 

როგორც საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის 24 ნოემბერს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისათვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული ნივთით სარგებლობა) და 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით მიმდინარეობს. სახალხო დამცველი  ასევე აცხადებს, რომ გამოძიების მწარმოებელი პირები სახალხო დამცველის რწმუნებულების დაკითხვისას არ დაინტერესდნენ თუ რა სავარაუდო დანაშაულის თვითმხილველნი იყვნენ ისინი და რა ინფორმაცია მიიღეს  პატიმრებისა და დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან. 
 
ამ საქმესთან კავშირში გვსურს ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე: 
 
1. ნებისმიერი დანაშაულის და ცხადია მათ შორის სავარაუდო წამების ან არაადამიანური მოპყრობის გამოძიების  ეფექტურობა დიდ წილად დაკავშირებულია გამოძიების თავიდანვე  სწორი კვალიფიკაციით წარმართვაზე. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისმა რწმუნებულებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების საშხაპე ოთახში  მსჯავრდებული მ.ფ. და ბრალდებული მ.უ. ნახეს იმ ვითარებაში, როდესაც ორივე მათგანი სველი ტანსაცმლით იწვნენ იატაკზე. ,,მ.უ.-ს ხელ–ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა.“ ამგვარ ვითარებაში პატიმრების აღმოჩენა, ბუნებრივია აჩენს ეჭვებს, რომ ისინი დაექვემდებარნენ წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას. ამიტომ, გაუგებარია ამ დრომდე რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის როგორც მინიმუმ იმ მუხლით (1443), რომელიც არაადამიანურ მოპყრობას ითვალისწინებს;
 
2. როგორც საზოგადოებისათვისაა ცნობილი, მ.უ.-ს და მ.ფ.-ს ამ დრომდე არ ჩატარებიათ სამედიცინო ექსპერტიზა. ამავე დროს, როგორც ცნობილია, პატიმრებს დროულად ჩაუტარდათ ექსპერტიზა სიმთვრალის დასადგენად. ჩვენთვის გაუგებარია, იმ ფონზე როცა ექსპერტიზით დაუყოვნებლივ დადგინდა სიმთვრალის ფაქტი, დღემდე რატომ ვერ მოხერხდა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება?! 
 
3. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო 19 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ ,,სასურველი იქნებოდა, სახალხო დამცველის აპარატს დროულად უზრუნველეყო სამინისტროს ინფორმირება აღნიშნულის შესახებ, რადგან, ინფორმაციის რამდენიმე დღის დაგვიანებით გავრცელებამ შეამცირა შესაძლებლობა, რომ დროულად დანიშნულიყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და დადგენილიყო  დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმი და ხარისხი.“ სამინისტროს ამგვარი პოზიცია არის უპასუხისმგებლო და მიუღებელი, რადგან როგორც მინიმუმ, სამინისტროს გენერალური ინსპექცია 12 ნოემბერს, იმავე დღეს, როდესაც სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დააფიქსირეს, აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებული უნდა ყოფილიყო ციხის ადმინისტრაციის მხრიდან (სახალხო დამცველის რწმუნებულები მიუთითებენ, რომ ინციდენტის ადგილზე რწმუნებულებს დახვდნენ ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის თანამშრომლები). ჩნდება კითხვები, გენერალური ინსპექცია აღნიშნული ფაქტის შესახებ რატომ დაინტერესდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის მიმართვა გავრცელდა. ამასთან იმ შემთხვევაში, თუ გენერალური ინსპექცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არ ყოფილა ინფორმირებული სავარაუდო დანაშაულის შესახებ, ეს კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს, რომ #8 დაწესებულებაში პატიმართა არასათანადო მოპყრობას მართლაც ჰქონდა ადგილი და სწორედ ამიტომ არც დაწესებულების დირექტორის მოადგილემ და არც ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულება საგამოძიებო სამსახურებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების შესახებ.
 
4. სასჯელაღსრულების სამინისტროს ზემოაღნიშნული განცხადებიდან ირკვევა, რომ სამინისტრომ ციხის საშხაპესა და დერეფანში მომხდარი ფაქტის შესახებ პირველადი ინფორმაცია სახალხო დამცველისგან შეიტყო. ეს გარემოება ძალიან შემაშფოთებელია - გამოდის, რომ არა სახალხო დამცველი, ვერც უშუალოდ ციხის დირექტორი, ვერც გენერალური ინსპექცია, ვერც სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შესაბამისად ვერც პროკურატურა ვერ შეიტყობდა ზემომითითებული ფაქტის შესახებ რაიმე ინფორმაციას. ეს კი ბადებს კითხვას, მომავალში რომ ანალოგიური ფაქტი განმეორდეს და სახალხო დამცველის წარმომადგენლები შემთხვევით ვერ შეესწრონ მას, რა გზებით და საშუალებებით შეძლებს სისტემა მსგავსი ფაქტბის გამოვლენას და დამნაშავეთა დასჯას?! 
 
5. წამება ან არაადამიანური მოპყრობა ძირითადად ხდება იმგვარ ვითარებაში, სადაც ადამიანს თავისუფლება აქვს აღკვეთილი, რაც აძნელებს ან შეუძლებელს ხდის ნივთმტკიცებათა დაცვას და მოპოვებას. ამგვარ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირების ჩვენებები, რომლებიც ფაქტის თვითმხილველნი გახდნენ. გამოძიების არაეფექტურად წარმართვის თაობაზე ბუნებრივად ჩნდება კითხვები იმ ვითარებაში, როდესაც, სახალხო დამცველის ინფორმაციით, გამომძიებელთა მხრიდან სახალხო დამცველის რწმუნებულების დაკითხვა არ მომხდარა იმ ფაქტების ირგვლივ, თუ რა სავარაუდო დანაშაულის თვითმხილველნი გახდნენ ისინი.
 
6. ამრიგად, იმ ვითარებაში, როდესაც: სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამომძიებელთა მხრიდან უმნიშვნელოვანესი მოწმეების დაკითხვა სათანადოდ არ ხორციელდება; არ ხდება კითხვის დასმა თუ რა ფაქტის თვითმხილველი გახდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი 12 ნოემბერს ციხის საშხაპეში შესვლის დროს; დღემდე არ ჩატარებულა ექსპერტიზა პატიმრების ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის დასადგენად; სისტემამ არ მოახდინა ამ ფაქტის ფოტო-ვიდეო ფიქსაცია და დოკუმენტირება, ყველა ეს გარემოება ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ გამოძიება მიზანმიმართულად არაეფექტურად მიმდინარეობს, რის გამოც თავად გამომძიებელთა ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ნიშნები (სამსახურებრივი გულგრილობა, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც კანონი საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოძიებას ავალდებულებს და გამოძიებას ასე არაადეკვატურად წარმართავენ, შეძლებენ ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ პირადად მთავარ პროკურორს:
 
1. დაუყოვნებლივ ჩამოაშოროს აღნიშნული საქმე ამჟამინდელ გამომძიებელს და გადასცეს სხვას.
 
2. ობიექტურად შესწავლილ იქნეს რამდენად კანონის მოთხოვნათა ზუსტ შესაბამისობაში წარიმართა ამ დრომდე გამოძიება და დარღვევების დადგენის შემთხვევაში შესაბამის პირს/პირებს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა;
 
3. სასწრაფოდ ჩატარდეს ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმდებები.
 
4. აღნიშნული საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს უშუალოდ მთავარმა პროკურორმა.
 
მივმართავთ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს და ყველა სხვა დეპუტატს, სასწრაფოდ დაინტერესდნენ რამდენად ადეკვატურად რეაგირებს სამართალდამცავი სისტემა სახალხო დამცველის ასეთ მნიშვნელოვან განცხადებებზე და გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული მანდატი, რათა ხელი შეუწყონ ზემოაღნიშნულ და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის სხვა საქმეებზე ჭეშმარიტების დადგენას.