სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ 20 წლის იუბილეს ულოცავს

2014-11-15 17:59
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველო“-ს ულოცავს დაფუძნების 20 წლის იუბილეს. დასაფასებელია ის უმნიშვნელოვანესი წვლილი, რაც ფონდმა დაფუძნების დროიდან დღემდე შეიტანა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად, ადამიანის უფლებების დასაცავად, კანონის უზენაესობის პრინციპის და ლიბერალური ღირებულებების დასამკვიდრებლად ფონდის მიერ დაფინანსებული თუ უშუალოდ განხორციელებული არაერთი პროექტი არის ფონდის წარმატებული საქმიანობის უტყუარი დასტური.
 
ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ დიდი დამსახურება მიუძღვის არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გაძლიერების საქმეში. ფონდი იყოს საიას ერთ-ერთი პირველი დონორი, ყოველთვის გამორჩეული პარტნიორი და იდეური მხარდამჭერი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ფონდი უშუალოდ იყო და არის ჩართული იმ პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის მთავარ გამოწვევებად მიიჩნევა.
 
ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ფონდს როგორც უშუალოდ საიასთან ხანგრძლივი, ნაყოფიერი და ფესეული პარტნიორობის გამო, ასევე განსაკუთრებით იმ წვლილისთვის, რაც ფონდს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში აქვს შეტანილი.