სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას შემაჯამებელი კონფერენცია

2014-08-20 13:07
Featured image

2014 წლის 15 აგვისტოს საიამ  პარტნიორ ორგანიზაცია სომხეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად პროექტის - „მოქალაქეების თანამონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში: ევროკავშირის გამოცდილების გაცნობა“ - ფარგლებში შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. პროექტს საია პარტნიორ ორგანიზაციებთან სომხეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და ჩეხეთის ორგანიზაცია  „აგორაცე“-სთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებდა.

 
შეხვედრა სომხეთში, ლორეს რეგიონში გაიმართა. კონფერენციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ტერიტორიული ადმინისტრირების სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები ესწრებოდნენ.  
 
ორგანიზატორებმა ღონიძისძიების მონაწილეებს საქართველოსა და სომხეთში პროექტის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების დროს თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში საქართველოს, სომხეთისა და ჩეხეთის კანონმდებლობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმებისა  და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ძირითად სიახლეებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა აქტიურად მონაწილეობის ხელშემშლელ გარემოებებზე, ასევე ამ კუთხით   არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე გაამახვილეს ყურადღება.   
 
პროექტი 2014 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და სომხეთში, ლორის რეგიონში  ხორციელდებოდა, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს - ჩეხეთის რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე, საქართველოსა და სომხეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაზრდასა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, საზოგადოების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებას ისახავდა მიზნად.
 
პროექტის დასრულების შემდგომ  საია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ხოლო  სომხეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ლორის რეგიონის გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სამოქალაქო ზედამხედველობის განხორციელების კუთხით არსებული პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ, რომელიც  თემით დაინტერესებულ საზოგადოებას წარედგინება.