სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 22 ივლისს პროკურატურაში ჩატარებულ პრესკონფერენციას ეხმიანება

2013-07-23 11:42
Featured image

2013 წლის 22 ივლისს პროკურატურაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიებით არ დადასტურდა ჩვენების მიღების მიზნით მამუკა ივანიაძეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი. გვსურს გამოვეხმაუროთ აღნიშნულ პრესკონფერენციას და ამ საქმეში განვითარებულ მოვლენებს. 

უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა ის გარემოება, რომ საიაში 11 ივლისს გამართული პრესკონფერენცია არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ,,მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ტრაქტორების შეძენისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეში ბრალდებულმა პირებმა გამოძიებისათვის სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრეს. ჯერ კიდევ 4 მაისს ბრალდებულების სასამართლოში პირველი წარდგენისას ყველა მათგანმა პროცესზე ზეწოლის შესახებ ღიად განაცხადა. ამ ფაქტზე მაშინ გამოძიება არ დაწყებულა. ამის შემდეგ, 12 მაისს, როდესაც საიას წარმომადგენელი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პირველად შეხვდა ამ საქმეში ბრალდებულებს, მათ მაშინაც განაცხადეს ზეწოლის შესახებ, რის საფუძველზეც საიამ გააკეთა საჯარო განცხადება, რაც მედიით გავრცელდა. ანუ ეს ინფორმაცია პროკურატურისთვის იმთავითვე ცნობილი იყო. თუმცა, ზეწოლის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო არა დაუყოვნებლივ, როგორც მას კანონმდებლობით ევალებოდა, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც 11 ივლისს საიაში ჩატარებულ პრესკონფერენციას ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურამ ყურადღება მიაქცია არა თავად ზეწოლის ფაქტს, როგორც დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებას, არამედ საზოგადოების გამოხმაურებას.

22 ივლისს პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არსებული ურთიერთშეუსაბამობები ადვილი შესამჩნევია. პრესრელიზში მითითებულია, რომ მამუკა ივანიაძის ჩვენების ,,ნამდვილობა და უტყუარობა კი, ამ ჩვენებისგან დამოუკიდებლად დადგენილია ათეულობით მოწმის ჩვენებებით, ამოღებული დოკუმენტებით, ნივთიერი, მათ შორის ვიდეო და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით". ამ ციტატიდან რამოდენიმე წინადადების შემდეგ პრესრელიზში განსხვავებულ აღწერილობას ვხვდებით: ,,ჩვენებაში დაფიქსირებული მონაცემები არსებითად ახალი და განსხვავებულია იმ მომენტისათვის არსებული საგამოძიებო ვერსიისაგან, რითაც ეჭვგარეშე დასტურდება, რომ ამ ინფორმაციის მატარებელი იყო პირადად ივანიაძე და არა გამომძიებელი ან პროკურორი". შესაბამისად, ჩნდება კითხვა: თუ პროკურატურას უკვე ჰქონდა მ.ივანიაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და მისი ჩვენების ნამდვილობა დასტურდება ,,ათეულობით მოწმის" ჩვენებით და ,,სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით", მაშინ იგივე ჩვენება როგორ არის ,,არსებითად ახალი და განსხვავებული"?! 
 
ამასთან, პრესრელიზში მითითებულია, რომ ჩვენების მიღების მიზნით პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ერთ-ერთი ამოცანა იყო იმის განსაზღვრა, ,,წარმოადგენდა თუ არა ივანიაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცრუ ჩვენებას". იქვე მითითებულია, რომ გამოძიებით ამ საკითხს ,,ამომწურავად გაეცა პასუხი". პრესრელიზის დასასრულს კი აღნიშნულია, რომ ,,ივანიაძის მხრიდან ცრუ დასმენის დადასტურების შემთხვევაში მიღებულ იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება". მარტივად რომ ვთქვათ, პრესრელიზის თანახმად გამოდის, რომ უდავოდ დადასტურდა ის, რაც ჯერ კიდევ არ დადასტურებულა (?!).
 
რაც შეეხება ვიდეო კადრებს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რაც არაპროფესიონალის თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ვიდეო მასალა უწყვეტ რეჟიმში არ არის მოწოდებული და დამონტაჟებულია.  ამასთან, მ.ივანიაძის განცხადებით, როდესაც ჩვენების მიღების მიზნით მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, პროკურორი  გიორგი დავითაშვილი მას ეუბნებოდა თუ რა სახის ჩვენება უნდა მიეცა, რასაც მ.ივანიაძე იმეორებდა. მისი განცხადებით, ეს იყო ზეწოლის მთლიანი პროცესის შემადგენელი ერთ-ერთი ეპიზოდი და მასთან პროკურორი დაახლოებით 4-5 ჯერ შევიდა, აქედან 2-ჯერ ღამის საათებში.
 
ფაქტია, რომ ვიდეო გადაღება მოხდა ფარულად, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. როგორც ჩანს, კამერა თავად პროკურორ გიორგი დავითაშვილს ჰქონდა დამონტაჟებული ტანსაცმელზე. შესაბამისად, გასარკვევია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჰქონდა თუ არა პროკურატურას სასამართლოს ნებართვა ფარული ჩანაწერის განსახორციელებლად.  სასამართლოს ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, იმ პირთა ქმედებაში, ვინც ფარული ჩანაწერის გაკეთება დაგეგმა ან/და განახორციელა, დანაშაულის ნიშნები იკვეთება. 
 
გარდა აღნიშნულისა, დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ მ.ივანიაძის განცხადებით, საიაში 11 ივლისს ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ, მის სახლს სისტემატურად უთვალთვალებენ სხვადასხვა პირები, რის გამოც მისი ოჯახის წევრები, მათ შორის არასრულწლოვანი შვილები, მუდმივ სტრესში არიან. ქალაქში გადაადგილების შემთხვევაში მ.ივანიაძეს დაჰყვებიან ავტომანქანებით და უთვალთვალებენ. 18 ივლისს პროკურატურაში დაკითხვაზე წასვლისას მის ავტომანქანას უცხო პირები ავტომანქანით აედევნენ და პროკურატურამდე მიჰყვნენ. ამის თვითმხილველი საიას ადვოკატი მაია ხუციშვილი გახდა, რომელიც მ.ივანიაძესთან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდა. თვალთვალის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირდა 18 ივლისს მ.ივანიაძის დაკითხვის ოქმში, სადაც მიეთითა ავტომანქანების ნომრები და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნები. ასევე ოქმში მიეთითა, რომ არსებობდა თვალთვალის დამადასტურებელი ვიდეო მასალა, რაც გამოძიებას დაინტერესების შემთხვევაში მიეწოდებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, გამოძიება ამ ინფორმაციით არ დაინტერესებულა.
 
ზეწოლად და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებად უნდა შეფასდეს ის ფაქტები, რასაც დღეს მ.ივანიაძის პროკურატურატურაში მორიგი გამოძახების შემდეგ ჰქონდა ადგილი. საგამოძიებო მოქმედების პროცესში ოთახის კარი შემოაღო უცნობმა პირმა და გამომძიებელ გიორგი ლომთაძეს სთხოვა გარეთ გამოსულიყო. გამომძიებელი დადგა კარის ზღურბლთან, რა დროსაც მ.ივანიაძის და საიას ადვოკატის გასაგონად უცნობმა პირმა გამომძიებელს უთხრა: ,,იქნებ იმათ დაურეკო და უთხრა, რომ ქუჩაში არ დააკავონ, მაინც ყოფილი მინისტრია". რამოდენიმე წუთის შემდეგ იგივე პირი კვლავ მოვიდა და კვლავ იგივე სიტყვები ოთახში მყოფ პირთა  გასაგონად უთხრა გამომძიებელს. საიას ადვოკატმა ამ ფაქტის შენიშვნის სახით ოქმში დაფიქსირება ითხოვა, რაზეც გამომძიებლის უარი მიიღო. აღნიშნულის შემდეგ, დაკითხვის ოქმს მ.ივანიაძემ და ადვოკატმა ხელი არ მოაწერეს. წამოსვლამდე გამომძიებელმა მ.ივანიაძეს განუცხადა, რომ თუ ეტყოდა თუ რატომ და ვის გამო შეცვალა ჩვენება,  გარანტიას გაძლევთ, რომ არ დაგაკავებთო. 
 
როდესაც საიას ადვოკატის თანდასწრებით, დასაცავ პირზე მსგავსი სახის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას აქვს ადგილი, ადვილად სავარაუდოა ადვოკატის არარსებობის პირობებში განხორციელდებოდა თუ არა რაიმე სახის ზეწოლა მ.ივანიაძეზე მისი სასაჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში.
 
სამწუხარო ფაქტია, რომ პროკურატურის თანამშრომელთა ქმედებები ამ საქმეში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებს გასცდა და ძიება მიმდინარეობს იმ მეთოდებით, რომლებიც, შესაძლებელია, თავად შეიცავდნენ დანაშაულის ნიშნებს. ჩვენთვის გასაგებია ის გარემოება, რომ პროკურატურაში კვლავ არიან ის პირები, რომელთა ქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით წინა წლებშიც არსებობდა კითხვები. თუმცა, ცხადია, რომ  ეს გარემოება ვერ გახდება მსგავსი ქმედებების გამართლების საშუალება. მაგალითად, ის პროკურორი, რომელიც 2013 წლის 22 ივლისს პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე დამაჯერებლად უხსნიდა საზოგადოებას, რომ ივანიაძეზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა, 2012 წლის 22 ივნისს, ასევე იმ საქმეში, სადაც საიას ადვოკატები იყვნენ ჩართულნი, იმავე დამაჯერებლობით უხსნიდა საზოგადოებას, რომ შპს ,,გლობალ კანტაქტ კონსალტინგი" ანტენების გადაცემის მეშვეობით ამომრჩეველთა მოსყიდვას აწარმოებდა