GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

18 დეკემბერი, 2017

საია იცავს ოდენა ბარამიას ინტერესებს, რომელიც 2016 წლის აპრილში სავარაუდოდ დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას პოლიციელთა მხრიდან. პოლიციის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თავდაპირველად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით. თუმცა, გამოძიების ეტაპზევე პროკურატურამ შეცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია და ბრალი წაუყენა თავად ოდენა ბარამიას ცრუ დასმენის ფაქტზე, პოლიციის იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთაც ოდენა ბარამია მის ცემაში ადანაშაულებს. აღნიშნულით, როგორც პროკურატურამ, ისე სასამართლომ საქმეზე დაადგინეს ძალიან სახიფათო პრაქტიკა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუზღუდავს ადამიანებს შესაძლებლობას, განაცხადონ და მოითხოვონ პოლიციელთა მიერ მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.

საქმეზე მნიშვნელოვანი ხარვეზები ფიქსირდება როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე. კერძოდ:  

საქმის გამოძიების ხარვეზები       

საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია ოდენა ბარამიას სხეულზე ფიზიკური დაზიანებები და ის ფაქტი, რომ ოდენა ბარამიას მომხდარ შემთხვევამდე დაზიანებები არ აღენიშნებოდა (მანქანის დათვალიერების ოქმი, ექპერტის, გამომძიებლის და სხვა მოწმეთა ჩვენებები).

პოლიციელების მიერ დაკავებულის ცემის შემთხვევა გამოიძია სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). თუმცა, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, პროკურატურამ შეცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა სსკ 373-ე მუხლით (ცრუ დასმენა). ცრუ დასმენის დანაშაულის ჩადენაში ბრალი წარედგინა ოდენა ბარამიას. შესაბამისად, ამ დროიდან პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება აღარ გაგრძელებულა.

აღსანიშნავია, რომ პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა ისე, რომ არ ჩატარებულა საქმის ყველა გარემოების სრულყოფილი შესწავლა და ყველა რელევანტური ფაქტის გადამოწმება (მაგალითად, არ არის დაკითხული დამლაგებელი, რომელმაც, ბრალდებულის განმარტებით, ცემის შემდეგ სისხლის კვალი გაწმინდა; არ არის ამოღებული და შემოწმებული ბრალდებულის ქურთუკი, რომელზეც ბრალდებულის მითითებით, აღინიშნებოდა სისხლის კვალი).

ბრალდებულის ვერსიით, ცემის შემდეგ მან სცადა ქურთუკით გაეწმინდა იატაკზე დაღვრილი სისხლის კვალი, ცემის ფაქტზე მტკიცებულების შექმნის მიზნით. თუმცა, პოლიციელებმა არ მისცეს ამის შესაძლებლობა და ქურთუკი წაართვეს. გამოძიება არ დაინტერესებულა ბრალდებულის ამ ვერსიით და არ გამოუკვლევია აღნიშნული გარემოებები. აღსანიშნავია, რომ სწორედ გამოძიებას უნდა გამოეკვლია აღნიშნული ინფორმაცია და სასამართლოში ემტკიცებინა, რომ ხსენებულ გარემოებებს ადგილი არ ჰქონია. ნაცვლად ამისა, სასამართლო გასცდა თავის უფლებამოსილების ფარგლებს და მხოლოდ თავისი სუბიექტური შეხედულების საფუძველზე, უარყო ბრალდებულის ეს ვერსია.

საქმის სასამართლო განხილვის ხარვეზები

ოდენა ბარამიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ. სასამართლო განაჩენი ძირითადად ეყრდნობა პოლიციელების ჩვენებებს, მოსამართლემ უაპელაციოდ გაიზიარა ინციდენტში მონაწილე პოლიციელების ჩვენებები. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, პოლიციელის ჩვენება სანდოობის დაბალი ხარისხის მტკიცებულებად მიიჩნევა სამართალწარმოებაში. ამასთან, საქმეში არსებობს სხვა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც პოლიციელთა ცალკეულ ჩვენებებს ეჭვქვეშ აყენებს (მაგ: პოლიციელთა ვერსიით ოდენა ბარამიამ დაზიანებები მიიღო ავტოავარიის დროს, თუმცა მანქანის დათვალიერების ოქმით და ესპერტების განმარტებით მანქანას არ აღმოაჩნდა დაზიანებები, ხოლო სისხლის კვალი მანქანაში ნაპოვნი არ არის).  

საქმის განხილვა გაგრძელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი და არ უმსჯელია იმაზე, თუ სად მიიღო ოდენა ბარამიამ აღნიშნული დაზიანებები. აღნიშნული გარემოება გადამწყვეტი მნიშვნელობის არის იმისთვის, რომ დადგინდეს, ნამდვილად ცრუ დასმენას ჰქონდა ადგილი პირის მხრიდან თუ არა.  

დასკვნა

ცრუ ბრალდების გამო იმ პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, რომელიც აცხადებს, რომ ის დაექვემდებარა ცემას სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მაშინაც კი, როცა საქმის გამოძიების ეტაპზე ან სასამართლოში განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან ცემის ფაქტი, აღნიშნული არ წარმოადგენს  საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ პირი, რომელიც ჩივის ცემის გამო, მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცრუ დასმენის ბრალდებით. პოლიციელის მიერ დაკავებული პირის ცემის დანაშაულს ახასიათებს ის, რომ სავარაუდო დამნაშავისთვის უფრო ადვილია ცემის დამადასტურებელი მტკიცებულებების დამალვა, ასეთ დანაშაულში დაზარალებულს, როგორც წესი, არ ჰყავს პირდაპირი მოწმე, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი სამართალდამცავ სისტემაში მომხდარი დანაშაულის ეფექტურად გამოძიებისა თავად სამართალდამცავი სისტემის მიერ. ამ და სხვა მიზეზების გამო, ის რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტი ვერ დადასტურდება, არ ნიშნავს, რომ მომჩივანს პოლიციელების ცრუ დასმენის მიზანი ამოძრავებდა. ცრუ დასმენის ბრალდების დასადასტურებლად საჭიროა არსებობდეს სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადსტურებს ცრუ დასმენის დანაშაულის ჩადენას, რაც ოდენა ბარამიას საქმეში არ იყო დასაბუთებული.

მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი პრაქტიკა უარყოფით ზეგავლენას ახდენს იმ მოქალაქეებზე, რომელთა მიმართ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას, რათა ვერ გაბედონ აღნიშნულის გაცხადება, იმ შიშით, რომ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის ან არაეფექტური გამოძიების გამო, შესაძლოა მათ წინააღმდეგაც დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ცრუ დასმენის ბრალდებით.

გასათვალისწინებელია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტური გამოძიების და დამნაშავე პოლიციელთა დაუსჯელობის პრობლემა[1], რაც ასეთი დანაშაულების პრევენციას სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის და აზიანებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავი სისტემის მიმართ. ამასთან, ოდენა ბარამიას საქმე კიდევ ერთხელ მიუთითებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე.

 

 


[1] სახალხო დამცველის ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (შემოკლებული ვერსია. 2016) აღნიშნულია, რომ „კვლავ მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრობლემა... წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით, საქართველოს პროკურატურის საქმიანობა კვლავ არაეფექტურია.“ გვ.: 7,8.   

სხვა სიახლეები