სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის დღის ზოგადი შეფასება

2018-10-29 12:46
Featured image

 

მთლიანობაში კენჭისყრის პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა ნება თავისუფალ გარემოში გამოეხატა. საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, კენჭისყრის დროს (08:00-20:00 სთ) იდენტიფიცირებულ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა კენჭისყრის პროცესზე არ მოუხდენია. 

მთელი დღის განმავლობაში მაღალი იყო ამომრჩევლის მობილიზებისა და მისი ნების სავარაუდო კონტროლის ფაქტები. საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, რომელმაც საარჩევნო უბანზე დაარეგულირა ამომრჩევლის პერსონალური ინფორმაციის დამუშავების საკითხები, რეგულირების მიღმა რჩება უბნის გარეთ პერსონალური ინფორმაციის დამუშავება. საია წლებია აფიქსირებს ამ მანკიერ პრაქტიკას რაც,  შესაბამის საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს.

საყურადღებოა ისიც, რომ ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის და მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შემთხვევები აქტუალური ხდება არა მხოლოდ კენჭისყრის დღეს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდშიც.

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, 2018 წლის არჩევნებზე გარდა კოორდინატორების მიერ ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლისა, პროცესს დაემატა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბიდან სატელეფონო ზარებით ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის ტენდენცია.

ასევე, დაფიქსირდა არსებითი დარღვევები, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვის სავარუდო ფაქტი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს (სამგორის #56 უბანი), აგრეთვე, ფიზიკური დაპირისპირებისა (მარნეულის #59 უბანი) და საარჩევნო ბიულეტენის უბნიდან გატანის ფაქტი (საბურთალოს #52 და სამგორის #78  უბნები).

არსებითი დარღვევების გარდა, გამოიკვეთა  პროცედურული დარღვევებიც, მათ შორის:

- წილისყრის პროცედურების დარღვევა;

- წილისყრისთ გამოვლენილი ფუნქციების თვითნებური შეცვლა;

- ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმის მიცემა;

- მარკირების პროცედურის დარღვვევა;

- უკანონო აგიტაცია საარჩევნო უბანზე;

- სამაგიდო სიის დაზიანება.

 

ხმის დათვლისა და  კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი

ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ეტაპზე რიგ შემთხვევებში (მარნეულის, ჩუღურეთის, მთაწმინდის ოლქებში) საიას დამკვირვებლებს შეექმნათ შეფერხება უბანში 20:00 საათის შესვლის შემდგომ, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა უბანში არ შეუშვეს. შესაბამისი უბნების კომისიის თავმჯდომარეების ჩარევის შემდგომ, პრობლემა აღმოიფხვრა და საიას დამკვირვებლებს შესაძლებლობა მიეცათ დაკვირვებოდნენ პროცესს.

საიას დამკვირვებლის უფლებების უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილი მარნეულის #49- უბანზე. კერძოდ, როდესაც დაიწყო ხმის დათვლის პროცესი და საიას დამკვირვებელი თვალყურს ადევნება ბიულეტენების დათვლას უშუალოდ მთვლელების გვერდით, უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ჰკრა ხელი, რა დროსაც მას შეეზღუდა უფლება უშუალოდ მთვლელების გვერდით დამდგარიყო და დაკვირვებოდა ბიულეტენების დათვლის პროცესს. 

 

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები

სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.  ასევე, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიაშიც.

ზემოაღნიშნულის გარდა, როგორც  ხმის დათვლისა და შეჯამების, ასევე ოლქებში საარჩევნო დოკუმენტაციის ჩაბარების პროცესში გამოიკვეთა პროცედურული დარღვევები, კერძოდ:

- ბათილი ბიულეტენების ნამდვილ ბიულეტენებად მიჩნევა და პირიქით;

- საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის სათანადო წესით დალუქვის გარეშე წარდგენა (მაგ. დიდუბის #5 და #35, ასევე კრწანისის #9, გლდანის #62 ჩანაწერთა წიგნები დაულუქავი სახით წარადგინეს, ხოლო  დიდუბის #4 უბნის წევრებმა ოლქში ჩანაწერთა წიგნი საერთოდ არ წარადგინეს. კომისიის წევრების განმარტებით, შესაძლოა ჩანაწერთა წიგნი სხვა დოკუმენტაციასთან ჰქონდათ დალუქული).

 

სხვა მიგნებები

არჩევნებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მთელი რიგი საკანონმდებლო  და პრაქტიკაში არსებული ხარვეზები, რომელთა გადაწყვეტა საჭიროებს სისტემურ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს. მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო დოკუმენტაციის ჩაბარების წესისა და საოლქო საარჩევნო კომისიების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, რათა უბნიდან შემოსული საარჩევნო დოკუმენტებისა და ინვენტარის ჩაბარების პროცესი არ ატარებდეს ქაოტურ ხასიათს და საარჩევნო დოკუმენტების ჩაბარება ხდებოდეს ერთიან სივრცეში. ეს ხელს შეუწყობს გამჭვირვალობის სტანდარტის დაცვას და დაკვირვების შესაძლებლობას.

 

საიას სადამკვირვებლო მისია 

საარჩევნო ადმინისტრაცია ძირითადად სათანადოდ რეაგირებდა საიას დამკვირვებლების მიერ მიცემულ შენიშვნებზე და ასწორებდა საარჩევნო კანონმდებლობის პროცედურულ დარღვევებს.დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, როგორც წესი, საიას დამკვირვებლები საჩივრებს აღარ წერდნენ.

საერთო ჯამში საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 100-ზე მეტი საჩივარი. ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც დარღვევა საიას დამკვირვებლის მითითების, ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის მითითების შედეგად აღმოიფხვრა.

საია აგრძელებს საოლქო საარჩევნო კომისიებში შედეგების შეჯამებისა და საარჩევნო დავების განხილვის მონიტორინგს, რის შედეგებსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში აკვირდებოდა (400 დამკვირვებლის საშუალებით).

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებულნი იყვნენ საქართველოს მასშტაბით 250-მდე საარჩევნო უბანში. 33 საარჩევნო ოლქში 50 მობილური ჯგუფისა და 59 ოლქის დამკვირვებლის მეშვეობით შესაძლებელი იყო პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვება.

 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოსა და ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასდა მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.